LIVE

2022 წელს საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ₾2.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

25 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1250
2022 წელს საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ₾2.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

2022 წელს საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2 მლრდ 89 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც მცირედით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს (2 მლრდ 83 მლნ ლარი).

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, გასულ წელს საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლებმა 7 მლრდ 505 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო სექტორის შემოსავლები 1 მლრდ 529 მლნ ლარითაა გაზრდილი.

სებ-ის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების დიდ ნაწილს საპროცენტო შემოსავლები შეადგენდა. კერძოდ, წინა წელს ბანკების საპროცენტო შემოსავლები 5 მლრდ 640 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 1 მლრდ 864 მლნ ლარს გადააჭარბა. 

ამასთან, ხარჯებმა 4 მილიარდ 971 მილიონი ლარი შეადგინა.

2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდნენ. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბანკების „გაუმართლებლად მაღალი მოგება“ დაასახელა.

საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.9 მლრდ ლარით, ანუ 4.3%-ით გაიზარდა და 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 70.3 მლრდ ლარი შეადგინა.