LIVE

ნაკლები Facebook, მეტი TikTok - მედია ორგანიზაციების პრიორიტეტები იცვლება

17 იან 202314:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 466
ნაკლები Facebook, მეტი TikTok - მედია ორგანიზაციების პრიორიტეტები იცვლება

Reuters Institute-ის მიერ გამოკითხული მედია ორგანიზაციები ამბობენ, რომ წელს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ Facebook-სა და Twitter-ს, სანაცვლოდ კი მეტ ძალისხმევას მიმართავენ იმაზე, რომ მათი კონტენტი მეტად გავრცელდეს TikTok-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე.

ეს ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ მედია ორგანიზაციებს სურთ ახალგაზრდა, 25 წელს ქვევით ასაკობრივი ჯგუფის აუდიტორია უფრო აქტიურად მოიცვან. მაგალითად TikTok-ის მიმართ მედია ორგანიზაციების ინტერესი გასულ წელთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.  

ამას ემატება ისიც, რომ მიმდინარე წელს არაერთი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს სოციალურ მედიაში „დამაზიანებელი“ კონტენტის შეზღუდვის მიზნით, რაც მედია მენეჯერების ნახევარზე მეტს (54%) აფიქრებინებს, რომ ეს ახალი წესები ჟურნალისტებისთვის და ახალი ამბების შემქმნელი ორგანიზაციებისთვის გაართულებს მთავრობებისთვის არასახარბიელო ამბების გავრცელებას.

რაც შეეხება ინოვაციურ მიდგომებს, მედია ორგანიზაციების 72% გეგმავს მეტი რესურსი დახარჯოს პოდკასტებისა და ციფრულ აუდიო პროდუქტების წარმოებაზე, 69% კი მეტი ძალისხმევის მიმართვას ეცდება e-mail ნიუსლეთერების განვითარებაზე - ორივე მიდგომამ დაადასტურა, რომ საკმაოდ ეფექტური მეთოდია ახალი ამბების მწარმოებლების მიმართ მომხმარებელთა ლოიალობის გასაზრდელად.

მიმდინარე წლის კიდევ ერთი გამოკვეთილი ტენდენცია მედიაში ციფრული ვიდეო ფორმატები იქნება, რაში ინვესტირებასაც გამოკითხული მენეჯერების 67% გეგმავს. ეს ტენდენცია ძირითადად TikTok-ის აღზევებამ წაახალისა. ამ ფონზე, გამოკითხული მედია მენეჯერების მხოლოდ 4% ხედავს პოტენციალს მეტავერსში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჟურნალისტები ამ ინოვაციაში მოსალოდნელ სარგებელს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.  

სანაცვლოდ, მედია კომპანიები აქტიურად იწყებენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ნიუსრუმებსა და მედია პროდუქტებში. ათიდან სამი მედია მენეჯერი ამბობს რომ ეს მიმართულება ახლა მათი აქტივობის რეგულარული ნაწილია, 39% კი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ექსპერიმენტების ეტაპზე იმყოფება.  

მიმდინარე წლის პროგნოზებს შორის მოხვდა ისიც, რომ გაზეთების უმეტესობა დიდი ალბათობით, ყოველდღიურად აღარ გამოვა, რადგან ბეჭდვის და დისტრიბუციის ხარჯები გაზრდილია, ხოლო შემოსავლები შემცირებული. ასევე, არის მოლოდინი, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტრადიციული მედია გადაეწყობა მხოლოდ ონლაინ ფორმატზე

საერთო ჯამში, მედია ბიზნესები წელს ბევრად ნაკლებ იმედიანად არიან განწყობილი, ვიდრე შარშან. გამოკითხული აღმასრულებელი მენეჯერების და რედაქტორების ნახევარზე ნაკლები (44%) ამბობს, რომ კარგი განწყობა აქვს სამომავლო პერსპექტივასთან მიმართებაში, თითქმის მეხუთედი კი (19%) ასე არ ფიქრობს. მედია ორგანიზაციების ტოპ თავსატეხებს შორის წელს განსაკუთრებული წილი უკავია მზარდ ხარჯებს, შემცირებულ სარეკლამო შემოსავლებს და გამომწერთა კლების ტენდენციას. ისინიც კი, ვინც მეტნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, თანამშრომელთა შემცირებას და ხარჯების შემცირების ღონისძიებებს ელის.