Renault ჯგუფის განცხადებით, 2022 წელი ზედიზედ მეოთხეა, როდესაც მისი ფლაგმანი ბრენდის გაყიდვები იკლებს. გასულ წელს, რუსეთის ბაზრის გამოკლებით, მისი გაყიდვები 1 466 729 ერთეულამდე შემცირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 9.4%-ით ჩამორჩება.
ფრანგული ავტომწარმოებელი, რომელიც კონკურენტებზე მეტად დაზარალდა COVID-19 კრიზისისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო ჩიპების დეფიციტით, ახლა მოგების გაზრდისკენ შემობრუნების პროცესშია.
Renault-ის ძირითად ბაზარზე, საფრანგეთში გაყიდვები შემცირდა 15%-ით, სტაბილური იყო გაყიდვებში მეორე უმსხვილესი ბრაზილიის ბაზარი, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ და ყველაზე მნიშვნელოვან, გერმანიის ბაზარზე გაყიდვები 25%-ით დაეცა. რუსეთის ჩათვლით, გასულ წელს კომპანიის გლობალური გაყიდვები ჯამურად 15%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Renault-მა დატოვა რუსული ბაზარი, რომელზეც მისი გლობალური გაყიდვების 18% მოდიოდა. მან რუსეთის სახელმწიფო საავტომობილო კვლევით ინსტიტუტს 2.2 მილიარდ ევროდ ($2.1 მილიარდი) შეფასებული რუსული ბიზნესი სიმბოლურ თანხად გადასცა. გასულ წელსვე მოსკოვში Renault-ის ყოფილ ქარხანას Moskvitch ოფიციალურად ეწოდა. მოსკოვის Renault-ის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 180 000 ავტომობილს აწარმოებდა და რუსული ბაზრისთვის ისეთ მოდელებს ქმნიდა, როგორიცაა Duster, Kaptur და Nissan Terrano.