IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის შეფასებით, საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტები არ უნდა დაფინანსდეს.
როგორც მიხეილ კუკავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება არაერთ რისკს შეიცავს და საპენსიო სააგენტომ ამ მიმართულებით თანხები არ უნდა დააბანდოს.
"მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება სერიოზულ რისკებს შეიცავს. მსგავს პროექტებს როგორც წესი, ბანკები აფინანსებენ და საპენსიო ფონდებმა ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღონ, რადგან აქ არაერთი რისკია შესაფასებელი. მსხვილი პროექტების შემთხვევაში არაერთი კითხვა არსებობს, შედგება თუ არა საბოლოოდ, რა მოგება ექნება, ხშირად ასეთ პროექტებს შემოსავლის გენერირების მკაფიო გეგმაც კი არ აქვთ ხოლმე. შესაბამისად, ამ მიმართულებით საპენსიო დანაზოგების ინვესტირება გაუმართლებელია და მსგავსი რისკები საპენსიო სააგენტომ არ უნდა აიღოს", - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებით შესაძლოა მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაფინანსდეს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება იგეგმება. როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, მანდატის გაფართოების შემდეგ პირდაპირი ინვესტირება მხოლოდ ისეთ პროექტებში მოხდება, რომლებშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სტრატეგიული ინვესტორები იქნებიან ჩართული. სააგენტო საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ 1/3-იანი წილით შევა.
ამასთან, მთავრობა ისეთი მსხვილი პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ხუდონჰესი, სწორედ საპენსიო დანაზოგებს მოიაზრებს.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქის განცხადებით, საპენსიო ფონდისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საინვესტიციოდ საინტერესო მიმართულებაა, თუმცა მსგავსი პროექტები მაღალი რისკიანობის საინვესტიციო ინსტრუმენტს მიეკუთვნება.