LIVE

რატომ არ მუშაობს პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

14 იან 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
რატომ არ მუშაობს პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

თითქმის 4 წელია, რაც საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვა მოქმედებს, თუმცა მარკეტებსა თუ აგრარულ ბაზრობებში პლასტიკის პარკები მაინც იყიდება.

სექტორში აცხადებენ, რომ პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით სრულად ჩანაცვლებას ხელს რეგლამენტის აღსრულებისა და კონტროლის დაბალი ეფექტურობა უშლის.

როგორც მწარმოებლები "ბიზნეს ფორმულას" უყვებიან, ხშირ შემთხვევაში პოლიეთილენის პარკები იმპორტიორებსაც შემოაქვთ, ამიტომ მხოლოდ ადგილობრივი საწარმოების გაკონტროლება ეფექტური არ არის. ამას ემატება ისიც, რომ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადის წარწერით ყიდიან.

"ბაზარი სათანადოდ მომზადებული არ ყოფილა, ზოგიერთი ეცადა გადასულიყო ბიოდეგრადირებად პარკებზე, ჩამოიტანა ასი ათასობით ლარის ნედლეული, თუმცა სხვა მეწარმეები მაინც თავისუფლად აწარმოებდნენ პლასტიკის პარკებს. კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი და ამ ფორმითაც კი რეგლამენტი გამართულად ვერ იმუშავებს, თუკი აღსრულება არ გამკაცრდა", - აცხადებს გარემოს დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, კახა რუხაია. 

მწარმოებლების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები როდესაც ტენდერებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ. რითეილერებს მოთხოვნა ძირითადად იაფიან პროდუქციაზე აქვთ, აცხადებენ ტენდერებს რომ კილოგრამი 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობდეს, თუმცა ბიოდეგრადირებადი პარკის ღირებულება 12-დან 15 ლარამდეც აღწევს, შესაბამისად საწარმოები, რომლებიც ბიო პარკებს უშვებენ, ტენდერში სხვებს ვეღარ უწევენ კონკურენციას.

"მთავარი პრობლემა მაინც ის მგონია, რომ ზოგიერთ მწარმოებელს აღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი რომ აწარმოონ ბიოდეგრადირებადი პარკები, თუმცა ამის მიუხედავად ასაღებენ როგორც ბიოდეგრადირებადს, მაგრამ რეალურად ყიდიან პოლიეთილენს", - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "ეკო ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი, ბუთა ყარყარაშვილი. 

კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში - გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის ივლისიდან არის აკრძალული.  

ახალი რეგლამენტით კი, მარკეტებში ასაწონ თუ შესაფუთ პროდუქციაზე პოლიეთილენის პარკის გამოყენება იკრძალება, ასევე ცვლილებები ეხება პოლიეთილენის ჩანთის ზომას, თუ აქამდე მიღებული იყო 45/75-მდე ზომები, ის 1 მეტრამდე იზრდება.