
ნოემბერში, სარფის გავლით, საქართველოში მომავალი თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 293%-ით გაიზარდა და 94 047-ს მიაღწია. ამის შესახებ თურქული გამოცემა hurriyetdailynews.com წერს.
საქართველოში თურქეთიდან შემოსული მოგზაურების რიცხვი პანდემიამდე პერიოდშიც კი საშუალოდ 60 000 იყო.
მედიის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოდიან თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც ახალ წლამდე სმარტფონების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა სურთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგზაურთა მიერ თურქეთში შეტანილი მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,5 მილიონს გადააჭარბებს.
Hurriyet წერს, რომ თურქეთთან შედარებით, საქართველოში iPhone საშუალოდ $800-ით იაფია. ამასთან, 2023 წლიდან თურქეთში მობილური ტელეფონის რეგისტრაციის საფასური 122.9%-ით იზრდება და $145-ის ნაცვლად, $325 იქნება. შესაბამისად, თურქეთის მოქალაქეები ცდილობენ, რომ სმარტფონების ყიდვა 1 იანვრამდე მოასწრონ.
"128 GB მოცულობის iPhone 14 Pro Max-ის შეძენა საქართველოში 28 302 ($1 500) ლირად არის შესაძლებელი, თურქეთში კი იმავე ტელეფონში 43 999 ლირა ($2 350) უნდა გადაიხადოთ", - წერს გამოცემა.
თურქეთში, მაღალი კლასის სმარტფონებს აქვთ საგადასახადო ტვირთი, რომელიც მთლიანობაში 81%-ს შეადგენს.