LIVE

ერდოღანმა 2 მილიონი თურქისთვის საპენსიო ასაკის ზღვარი გააუქმა

30 დეკ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ერდოღანმა 2 მილიონი თურქისთვის საპენსიო ასაკის ზღვარი გააუქმა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ არჩევნებამდე 6 თვით ადრე მიღებული გადაწყვეტილება 2 მილიონზე მეტ დასაქმებულს პენსიაში მყისიერად გასვლის საშუალებას აძლევს. 

ამ პირობით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე, საპენსიო მოთხოვნების მარეგულირებელი კანონის შეცვლამდე დაიწყეს და რომლებსაც მინიმუმ 20-25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. 

შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვედატ ბილგინმა თქვა, რომ ახალი სისტემა 100 მილიარდ ლირაზე ($5,35 მილიარდი) მეტი დაჯდება. 

„არ ვიცით, 100 მილიარდ ლირას რამდენით გადააჭარბებს, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი გადაწყვეტს ახალი სისტემის ფარგლებში დაუყოვნებლივ პენსიაზე გასვლას“, - თქვა ბილგინმა.

ერდოღანმა ახლახან განაცხადა, რომ სიახლით სარგებლობას 2.25 მილიონი ადამიანი შეძლებს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი სქემა პირველ წელს $13 მილიარდი დაჯდება. 

აქამდე საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი იყო. თურქეთში ამჟამად 13,9 მილიონი პენსიონერია.  

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 2023 წელს 8506 ლირა ($455) იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შედეგად, მინიმალური ხელფასი, ივლისთან შედარებით, 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით, 100%-ით გაიზარდა.  

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო თვეებში, წლიური ინფლაცია 85%-ს აჭარბებდა, თუმცა დეკემბერში გამოცხადებული მონაცემები მის ოდნავ შენელებაზე მიუთითებს

უკანასკნელ თვეში შენელების მიუხედავად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 20-წლიან მაქსიმუმზეა. ეკონომიკური თეორიის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინფლაციის ზრდასთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. უჩვეულო ეკონომიკური ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ, მისი რეიტინგი შემცირდა.

ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს.