LIVE

თურქეთში მინიმალური ხელფასი 55%-ით გაიზარდა

23 დეკ 202217:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
თურქეთში მინიმალური ხელფასი 55%-ით გაიზარდა

თურქეთში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 2023 წელს 8506 ლირა ($455) იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შედეგად, მინიმალური ხელფასი, ივლისთან შედარებით, 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით, 100%-ით გაიზარდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო თვეებში, წლიური ინფლაცია 85%-ს აჭარბებდა, თუმცა დეკემბერში გამოცხადებული მონაცემები მის ოდნავ შენელებაზე მიუთითებს

ერდოღანის თქმით, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პროფკავშირებმა მინიმალური ზღვრის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მის დადგენაში მთავრობა ჩაერია. 

თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის (TGSD) პრეზიდენტის, რამაზან კაიას თქმით, მინიმალური ხელფასის უახლესმა ზრდამ შეშფოთება გამოიწვია კერძო სექტორში, რადგან ამით დამსაქმებლების ხარჯები და შესაბამისად, მათი პროდუქციის ფასი იზრდება. 

"არ გვაქვს შანსი, რომ კონკურენცია გავუწიოთ ბანგლადეშს, ვიეტნამს, ინდოეთს ან კამბოჯას. ჩვენ დავკარგავთ მომხმარებელს. ეს სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს", - თქვა კაიამ და დასძინა, რომ ტექსტილის სექტორში, სავარაუდოდ, სამუშაო ადგილები 10%-ით შემცირდება. 

უკანასკნელ თვეში შენელების მიუხედავად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 20-წლიან მაქსიმუმზეა. ეკონომიკური თეორიის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინფლაციის ზრდასთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. უჩვეულო ეკონომიკური ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ, მისი რეიტინგი შემცირდა.

ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს.