
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი კვლავაც მაღალია და ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა ბიზნესის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორია.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ მემორანდუმში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მისი მოცულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოში საშუალო ზომის კომპანიების მეხუთედი სრულად არ ასრულებს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულებას.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განუცხადა, საქართველოში შესადარ ქვეყნებთან მიმართებაში მაღალია ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც გადასახადების შემცირების მიზნით, საკუთარ შემოსავლებს არასათანადოდ აღრიცხავენ.
აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის წილის შესამცირებლად სხვა ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია მოქმედი საგადასახადო რეჟიმების და შეღავათების გაანალიზება, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის დაწესებული შეღავათების ნაწილში.
„არაფორმალური ეკონომიკის ერთ-ერთი სახეა, როდესაც კომპანია მაგალითად, 100 ერთეულს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ 50-ს აღრიცხავს. ასევე არსებობს სამუშაო ძალასთან დაკავშირებული არაფორმალურობა, როდესაც ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა არ რეგისტრირდებიან გადასახადის გადამხდელად. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ორივე ტიპის არაფორმალური ეკონომიკის წილი მცირდება და ეს კარგი ტრენდია, თუმცა თუკი უშუალოდ კომპანიებზე ვისაუბრებთ, ამ მიმართულებით საქართველოში ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მის შესადარ ქვეყნებთან მიმართებაში კვლავაც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის წილის შესამცირებლად ერთი-ერთი მიმართულება მეტი გაციფრულებაა, ამ გზით კომპანიებზე მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი და მეტი სტიმულის მიცემა იქნება შესაძლებელი, რომ მათ საკუთარი საქმიანობა ლეგალური გახადონ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ შესაფასებელია და გასაანალიზებელია რიგი საგადასახადო რეჟიმებიც. ვხედავთ, რომ არაერთ ქვეყანაში ბიზნესისთვის, მათ შორის მცირე კომპანიებისთვის დანერგილია საგადასახადო შეღავათები, რომელთაც კარგი განზრახვა აქვთ, თუმცა მაინც იწვევენ სტიმულს, რომ რიგმა კომპანიებმა არასათანადოდ აღრიცხონ საკუთარი შემოსავლები. მაგალითად, რიგი საგადასახადო რეჟიმები კომპანიებს შეღავათებს აძლევს შემოსავლის გარკვეულ ზღვრამდე. შესაბამისად, საწარმოები ამ ზღვარს არ ცდებიან, რათა მეტი გადასახადის გადახდა არ მოუწიოთ. ვფიქრობთ, საქართველოშიც ამ საგადასახადო რეჟიმების გაანალიზებაა საჭირო, რომ კომპანიებს სწორი სტიმულები მიეცეთ, ერთი მხრივ, რომ მათ ზრდა განაგრძონ, მეორე მხრივ კი შემცირდეს არაფორმალური ეკონომიკის წილი”, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში აღურიცხავი, ანუ ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით 15.3%-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი არაფორმალური ეკონომიკის წილი ტურიზმის, ჯანდაცვის, გართობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებშია.
ამასთან, როგორც ცნობილია, საგადასახადო შეღავათების შეფასების საკითხზე ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და USAID-თან ერთად მუშაობს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში საგადასახადო დანახარჯებმა 2 მლრდ 759 მლნ ლარი შეადგინა. რეფორმის მიზანს შეღავათების შეფასება და მათი ნაწილის ოპტიმიზაცია წარმოადგენს.