LIVE

საგადასახადო შეღავათების გამო 2021 წელს ბიუჯეტმა ₾2.7 მილიარდი ვერ მიიღო - ანგარიში

05 დეკ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
საგადასახადო შეღავათების გამო 2021 წელს ბიუჯეტმა ₾2.7 მილიარდი ვერ მიიღო - ანგარიში

2021 წელს საქართველოში საგადასახადო დანახარჯებმა 2 მლრდ 759 მლნ ლარი შეადგინა.

სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი ვერ მიიღო შარშან ბიუჯეტმა სხვადასხვა დარგში ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გამო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ საშემოსავლო, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათების შესახებ ინფორმაციას მოიცავს, რამაც შარშან ჯამურად მშპ-ს 4.6% შეადგინა.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, შარშან დღგ-ს საგადასახადო შეღავათების მოცულობამ 2 მლრდ 464 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საშემოსავლო და მოგების გადასახადების დანახარჯებმა 294 მლნ ლარი.

ამასთან, 2020 წელს საგადასახადო შეღავათების გამო ბიუჯეტს 2 მლრდ 556 მლნ ლარი დააკლდა, რაც მშპ-ს 5.2% იყო. 2019 წელს დანახარჯების ჯამურმა მოცულობამ 2 მლრდ 818 მლნ ლარი შეადგინა, მშპ-ს 5.7%

როგორც ცნობილია, საგადასახადო შეღავათების შეფასების საკითხზე ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და USAID-თან ერთად მუშაობდა. რეფორმის მიზანს შეღავათების შეფასება და მათი ნაწილის ოპტიმიზაცია წარმოადგენს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, მომდევნო წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა, შეღავათების ნაწილის შესაძლო ოპტიმიზაციაზე.

საგადასახადო შეღავათების გადახედვისკენ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდიც მოუწოდებდა. IMF-ში აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის, გაუმჯობესებას საჭიროებს ქონების გადასახადის არსებული მოდელი. 

აღსანიშნავია, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილიბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბანკების "გაუმართლებლად მაღალ მოგებას" ასახელებს.