
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ იპოთეკით დაცული ობლიგაციები მათთვის საინვესტიციოდ საინტერესო ინსტრუმენტია.
როგორც სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ე.წ. covered bond შედარებით ნაკლებრისკიანი ინსტრუმენტია და მომავალში აღნიშნული ბაზრის განვითარებას აქტიურად დააკვირდებიან.
ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ტიპის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირების შესაძლებლობა საპენსიო სააგენტოს მას შემდეგ ექნება, რაც პარლამენტი სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაამტკიცებს.
„ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, რომ იპოთეკური პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვან. ზოგადად, მსგავსი ინსტრუმენტი ნაკლებრისკიანად ითვლება, რადგან ის უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი. კორპორატიულ ობლიგაციებთან შედარებით მსგავს ინსტრუმენტებზე საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალია, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, სახაზინო ობლიგაციებზე. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ე.წ. covered bond საინვესტიციოდ საინტერესო ინსტრუმენტია და სწორედ ამიტომ, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, გვექნება უფლება, რომ საპენსიო დანაზოგები მსგავსი ტიპის სასესხო ფასიან ქაღალდებში დავაბანდოთ. ჩვენ ამ ბაზრის განვითარებას აქტიურად დავაკვირდებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად აქტიურები იქნებიან კომერციული ბანკები მსგავსი ტიპის ობლიგაციების გამოშვებაში“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
რაც შეეხება ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების საკითხს, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ „ნიკორას“ შემდეგ ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტული კომპანიის ობლიგაციებში ინვესტირება არ იგეგმება, თუმცა ბაზარს აქტიურად აკვირდებიან და ახალ ემისიებს ელოდებიან.
საქართველოში ფინანსური ინსტიტუტები იპოთეკით დაცული ობლიგაციების (mortgage covered bond) გამოშვებას შეძლებენ. პარლამენტმა შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იპოთეკით დაცული ობლიგაცია სპეციალური კატეგორიის უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი საკრედიტო ინსტიტუტებისათვის დაფინანსებაზე წვდომის იაფიან და სტაბილურ საშუალებად ითვლება.
ამასთან, საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დაიწყო. კერძოდ, სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია.