LIVE

პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა - დეტალები

21 დეკ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა - დეტალები

საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციის (mortgage covered bond) გამოშვება შესაძლებელი გახდება. პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი უკვე დაამტკიცა, რომელიც გამოქვეყნებიდან (16/12/2022) სამი თვის შემდეგ ამოქმედდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იპოთეკით დაცული ობლიგაცია სპეციალური კატეგორიის უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს.

„იპოთეკური ობლიგაცია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის დაფინანსებაზე წვდომის იაფიან და სტაბილურ საშუალებად ითვლება, დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიულ წყაროებთან ერთად“, - აცხადებენ მარეგულირებელში.

აღსანიშნავია, რომ კანონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა.

„იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დაიწყო. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კომერციულ ბანკებთან, როგორც პოტენციურ ემიტენტებთან.

კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებას იზიარებს, მათ შორის, ევროკავშირის 2019 წლის 27 ნოემბრის შესაბამის დირექტივას“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებლის განმარტებით, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობას. მათივე განცხადებით, იპოთეკური ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად კომერციული ბანკები, ასევე, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კომერციული ბანკები შეძლებენ, იპოთეკური ობლიგაციები ეროვნულ ბანკთან წარმოებულ მონეტარულ ოპერაციებში გირაოდ გამოიყენონ.