LIVE

DRG-ის ამოქმედებიდან 2 თვე იწურება - რა შენიშვნები აქვს სექტორს?

25 დეკ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
DRG-ის ამოქმედებიდან 2 თვე იწურება - რა შენიშვნები აქვს სექტორს?

ორთვიანი საპილოტე პერიოდი, რომელიც კლინიკებს ჯანდაცვის სამინისტროსგან ე.წ DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ ჰქონდათ, იწურება. 

ამ დროის განმავლობაში არა ერთი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებას კლინიკების ნაწილი სამინისტროსგან ითხოვს. ჯანდაცვის ასოციაციაში განმარტავენ, რომ კომპლექსურ ოპერაციებს, რეანიმაციულ ხარჯებს თუ მაღალი ღირებულების სახარჯ მასალებს, სახელმწიფო DRG-ის არსებული მოდელით ვერ ფარავს.

ჯანდაცვის ასოციაციამ სამინისტროს უკვე მიამართა შეთავაზებით, რომ კვირაში ერთხელ შედგეს შეხვედრები და ყველა საკითხი ამ გზით განიხილონ. ასოციაციაში შეთავაზებაზე თანხმობა მიიღეს და ამ ეტაპისთვის სამინისტროსგან ქმედით ნაბიჯებს ელიან.  

"როდესაც რამდენიმე ოპერაცია უკეთდება ადამიანს პროგრამა აღიქვამს როგორც ერთ პროცედურას, კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ხარვეზის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და მათგან არის ასეთი პასუხი, რომ საპილოტე რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, ანუ იანვრიდან ყველა ხარვეზს აღმოფხვრიან",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი, მაია მახარაშვილი. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ დაფინანსების DRG მოდელმა კლინიკას უნდა მისცეს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ხოლო პაციენტს ხარისხიან მომსახურებასთან ერთად კარგი ტარიფი დაუდგინოს. თუმცა, სექტორის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, საბაზისო ფასი ამ მოდელით სწორად იყოს გათვლილი და რეალურ ხარჯებს ასახავდეს. 

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. საქართველოში კლინიკები DRG-ის მოდელზე 1-ლი ნოემბრიდან გადავიდნენ და თითქმის ორი თვეა, რაც ახალი სისტემა საპილოტე რეჟიმით მუშაობს.