LIVE

ალოგიკური ინტერვენციები, რომლებიც ლარს ოდნავ და დროებით ამყარებს - რატომ ვხარჯავთ რეზერვებს

16 ოქტ 202417:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
ალოგიკური ინტერვენციები, რომლებიც ლარს ოდნავ და დროებით ამყარებს - რატომ ვხარჯავთ რეზერვებს

დღეს, 16 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი სავალუტო აუქციონი გამართა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, ბაზარმა 64 900 000 აითვისა 2.7139 კურსით, თუმცა ამ წუთებში ეროვნული ვალუტა დოლართან მაინც უფრო მაღალ ნიშნულზე ივაჭრება - თითქმის 2.72-ად.

ეს რიგით მეორე აუქციონია ბოლო ათ დღეში. გასულ კვირას, 8 ოქტომბერს მარეგულირებელმა გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 48 500 000 აითვისა 2.7194 გაცვლითი კურსით.

რატომ დაიხარჯა ორ კვირაში 113 400 000 დოლარი რეზერვებიდან ლარის მცირე ბიჯებით გასამყარებლად, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებას არ აჩვენებდა?

ეროვნული ბანკის ოფიციალური პოზიცია ორივე ინტერვენციაზე შემდეგია: "ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით", თუმცა არავინ იცის, რეალურად რას თვლის ჭარბ მერყეობად მარეგულირებელი, მაშინ როცა, ფაქტია, რომ ბაზარი ინტერვენციას სრულად არც ითვისებს, ანუ მოთხოვნა არ არის. ისიც უცნობია, როდის მერე გახდა ვალუტის გაცვლითი კურსის "ჭარბი მერყეობა" ეროვნული ბანკის საზრუნავი. 

"სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია," ნათქვამი იყო ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

რეალურად კი, დღევანდელმა ინტერვენციამ ლარი Bloomberg-ზე დღის პიკური მაჩვენებლიდან 2.73-დან 2.72-მდე გაამყარა. დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონდა 8 ოქტომბრის ინტერვენციასაც - ლარი დღის განმავლობაში 2,74-თან ახლოს ივაჭრებოდა, ინტერვენციის შემდეგ კი 2.73-ის დიაპაზონში დაბრუნდა და შემდეგ დღეებში 2.73-ს გასცდა. გამოდის, რომ ბოლო ორ კვირაში ლარის დაახლოებით 2 თეთრიანი გამყარება 113 მილიონ ლარზე მეტი დაგვიჯდა და თანაც საპირისპირო შედეგს გვაძლევს - ლარი გამყარების ნაცვლად შემდეგ დღეებში გაუფასურებას აგრძელებს.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მოხშირებული ინტერვენციები პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო პერიოდთან და მარეგულირებელი, სავარაუდოდ, მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებს, რომ წინასაარჩევნოდ ლარი ნებისმიერ ფასად გააკავოს, რამდენადაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის მსგავსი უმნიშვნელო მერყეობა ეროვნული ბანკის ჩარევის წინაპირობა არ ხდება ხოლმე. 

აქამდე, ეროვნული ბანკის ბოლო ინტერვენცია სავალუტო აუქციონის სახით 11 ივნისს გაიმართა, როცა მარეგულირებელმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. საერთო ჯამში, წელს სავალუტო აუქციონებზე ეროვნულ ბანკს გაყიდული აქვს 282 მილიონ დოლარზე მეტი.