LIVE

Twitter-მა დაბლოკა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც მასკი გააკრიტიკა

16 დეკ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 328
Twitter-მა დაბლოკა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც მასკი გააკრიტიკა

Twitter-მა შეაჩერა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის ანგარიშები, რომლებმაც მისი ახალი მფლობელის, ილონ მასკის შესახებ დაწერეს. 

მათ შორის არიან, New York Times-ის, CNN-ისა და Washington Post-ის რეპორტიორები. 

პლატფორმის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, რომელიც საკუთარ თავს სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურ დამცველს უწოდებს, Twitter-ზე დაწერა, რომ „პერსონალური და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებზე იგივე წესები ვრცელდება, რაც ყველა დანარჩენზე“. 

ამასთან, გუშინ Twitter-მა გააუქმა ანგარიში, რომელიც მისი მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. მასკი ანგარიშის მმართველს სამართლებრივი მოქმედებითაც დაემუქრა.

Reuters-ის ინფორმაციით, უცნობია, ყველა შეჩერებული ანგარიშის მქონე ჟურნალისტმა გააზიარა @elonjet-სთან დაკავშირებული ამბები ან გააკეთა თუ არა საკითხზე კომენტარი. 

„მთელი დღის განმავლობაში ჩემი კრიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი რეალურ დროში ჩემი გადაადგილების გასაჯაროებასა და ჩემი ოჯახისთვის შექმნილ საფრთხეზე“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

მასკმა გასულ თვეში დაწერა, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით, არ აპირებდა შეეჩერებინა @elonjet, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადი უსაფრთხოების პირდაპირ რისკს უქმნიდა.

გუშინ მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს სთხოვა დაეფიქსირებინათ პოზიცია, ასეთი ანგარიშები რამდენ ხანში უნდა აღდგეს. ამჟამად მის გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს. კითხვას ორი სავარაუდო პასუხი აქვს: "ახლა" (59%) და "7 დღეში" (41%). 

გუშინ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის ნებისმიერი ანგარიში, რომელიც ადამიანის გადაადგილებას მიმდინარე დროში აღწერს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაიბლოკება. მილიარდერის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თვალთვალის მსხვერპლი მისი 2 წლის შვილი გახდა. 

"მანქანას, რომელსაც ლილX ლოს-ანჯელესში გადაჰყავდა, აედევნა შეშლილი სტალკერი (მას ეგონა, რომ მანქანაში მე ვიჯექი), რომელმაც მოგვიანებით მანქანის მოძრაობა შეაფერხა და მასზე აძვრა", - დაწერა მილიარდერმა. 

ჟურნალისტების ანგარიშების შეჩერებას ევროკომისარი, ვერა ჟუროვა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მედიის თავისუფლების პატივისცემას მოითხოვს და მისმა დარღვევამ შესაძლოა გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.