LIVE

Twitter-მა წაშალა ექაუნთი, რომელიც მასკის გადაადგილებას აკვირდებოდა

15 დეკ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
Twitter-მა წაშალა ექაუნთი, რომელიც მასკის გადაადგილებას აკვირდებოდა

Twitter-მა წაშალა ანგარიში, რომელიც მისი მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.

მიუხედავად გასულ კვირას მასკის დაპირებისა, რომ ანგარიშს "სიტყვის თავისუფლებისადმი ერთგულების" ნიშნად დატოვებდა, @ElonJet, რომელსაც 500 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა, გუშინ წაიშალა. 

CNN წერს, რომ კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი განკარგულებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სპეციალურად შექმნილი იყო ანგარიშის წაშლის გასამართლებლად.

გარდა ამისა, მასკი ამბობს, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს ანგარიშის მფლობელის და იმ პირების მიმართ, რომლებიც მის გადაადგილებას თვალს ადევნებენ. მისივე თქმით, თვალთვალის გამო, გუშინ მასკის 2 წლის შვილს საფრთხე შეექმნა. 

"მანქანას, რომელსაც ლილX ლოს-ანჯელესში გადაჰყავდა, აედევნა შეშლილი სტალკერი (მას ეგონა, რომ მანქანაში მე ვიჯექი), რომელმაც მოგვიანებით მანქანის მოძრაობა შეაფერხა და მასზე აძვრა", - წერს მილიარდერი Tweet-ზე.

მასკის განცხადებით, Tweet-ის ნებისმიერი ანგარიში, რომელიც ადამიანის გადაადგილებას მიმდინარე დროში აღწერს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაიბლოკება. 

@ElonJet-ის ანგარიშს მართავდა ფლორიდის კოლეჯის სტუდენტი, 20 წლის ჯეკ სვინი, რომელიც თვითმფრინავის ადგილმდებარეობას ბოტების გამოყენებით აკონტროლებს.

სვინმა BBC-ს განუცხადა, რომ მასკის მიერ აღწერილ შემთხვევასთან მის ანგარიშს კავშირი არ აქვს.  

გასულ წელს მას, Twitter-ის ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ, მასკმა Tesla Model 3 შესთავაზა, რაზეც ახალგაზრდამ უარი განაცხადა. იქამდე, მასკის პირველ შეთავაზებაზე საპასუხოდ, რომელიც ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ მას $5000-ს სთავაზობდა, მან $50 000 ან კომპანიაში სტაჟირება მოითხოვა. 

სვინიმ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს სწავლობს, Twitter-ის 15 ბოტი შექმნა, რომლებიც ტექ. მილიარდერების კერძო თვითმფრინავების მარშრუტს აკვირდება, მათ შორის არიან ბილ გეიტსის და ჯეფ ბეზოსის თვითმფრინავებიც.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მან რუსი მილიარდერების იახტების გადაადგილების დაკვირვებაც დაიწყო.