LIVE

რუსულ ნავთობზე ევროპის ემბარგო კრემლს მძიმედ ურტყამს - მოსაზრება

17 დეკ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 881
რუსულ ნავთობზე ევროპის ემბარგო კრემლს მძიმედ ურტყამს - მოსაზრება

ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის თითქმის სრული აკრძალვა საბოლოოდ ურტყამს რუსეთის ნავთობისგან მისაღებ შემოსავალს. 

აშშ-ის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ ევროკავშირის სანქციების ამოქმედება ნავთობის ფასს გაზრდიდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა რუსული გემებისთვის ევროპული კომპანიების მიერ დაზღვევისა და ფინანსური სერვისის გაწევის აკრძალვა.  

ამ ზემოქმედების შესამცირებლად, შეერთებული შტატების ინიციატივით, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი, $60 დაწესდა. ტვირთები, რომლებიც უფრო ნაკლებ ფასად არის შეძენილი,  გადაზიდვისა და მომსახურების აკრძალვისგან გათავისუფლდება. 

ევროპაში ბოლო რუსული ტვირთები გაიგზავნა. მოსკოვმა დაკარგა ბაზარი, სადაც დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტს ყიდდა. როგორც ჩანს, მისი გაყიდვები კიდევ 500,000 ბარელით შემცირდება წლის ბოლომდე, თუ პოლონეთი და გერმანია დაპირებას შეასრულებენ და მილსადენით ნავთობის მიღებას შეწყვეტენ. 

აძვირების ნაცვლად, ნავთობი გაიაფდა. ემბარგოს ამოქმედებიდან 5 დღის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $77-ს ჩამოსცდა (გარკვეული დროით ფასი $76-ზე ნაკლები იყო).  

კიდევ უფრო მეტად დაეცა რუსული ნავთობის ფასი. ურალის ფასმა $40-ს მცირედით გადააჭარბა ბალტიის პორტებში.

ეს თითქმის წარმოების ღირებულებაა და ბევრად ჩამოუვარდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს - $60-ს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის იმპორტის აკრძალვასთან ერთად.

ის, რომ რუსეთის ბალტიის პორტები მნიშვნელობას ინარჩუნებს მაშინაც კი, როცა მან ევროპული ბაზარი დაკარგა, მიუთითებს ქვეყნის უუნარობაზე, გადართოს ნავთობის ნაკადები სხვა მიმართულებებით.

ქალაქ კოზმინოში მდებარე ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობსადენი, რითაც ჩინეთი რუსულ ნავთობს იღებს, უკვე სავსეა. ერთადერთი გზა, რომ რუსეთმა დარჩენილ ბაზრებს: ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს ნავთობი მიაწოდოს, არის გრძელი გზა ევროპის გარშემო და სუეცის არხის გავლით. 

ევროკავშირის სანქციების შემდეგ, ამ ბაზრებზე ნავთობი ჭარბი მოცულობით დაგროვდა. 

პარალელურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გაიზარდა ინფლაცია, მათ შორის სურსათისა და ენერგეტიკის მიმართულებით. შექმნილი ვითარების ფონზე, მსოფლიო ადვილად უმკლავდება რუსული ნავთობის დაკარგვას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. 

ეს ვითარება შეიძლება უახლოეს თვეებში შეიცვალოს. ჩინეთი, ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი, ამსუბუქებს კოვიდრეგულაციებს. ამან შეიძლება საბოლოოდ გაზარდოს საწვავზე მოთხოვნა, რომელიც მოგზაურობის შეზღუდვისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო შემცირებულია. 

პოტენციურად, მოსალოდნელია კიდევ უფრო მკაცრი აკრძალვა რუსულრაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, როგორიცაა დიზელი. ამან შეიძლება თავდაყირა დააყენოს ნავთობის ბაზრები, რომლებიც სატრანსპორტო საწვავის ნაკლებობას განიცდიან. 

მავდროულად, ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ ნავთობის მოპოვებას შეამცირებს. კრემლს მომავალ თვეში უკვე ემუქრება დიდი დარტყმა საექსპორტო გადასახადიდან.  

გასული თვის შუა რიცხვების შემდეგ დაფიქსირებული ნედლი ნავთობის ფასის გათვალისწინებით, რუსეთის ნავთობზე გადასახადი შეიძლება იანვარში 2020 წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე მეტად დაეცეს.

ამ დროისთვის, მსოფლიო კარგად უმკლავდება რუსული ნედლი ნავთობის ნაკადების ევროპიდან აზიაში გადატანას და როგორც დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში იმედოვნებენ, ცვლილებით გამოწვეული ზიანი კრემლს დაატყდება. 

მოსაზრების ავტორი: ჯულიან ლი