LIVE

კოკიტო - ქართული ხის სათამაშოები ყველა ბავშვისთვის

05 ნოე 202219:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
კოკიტო - ქართული ხის სათამაშოები ყველა ბავშვისთვის

"კოკიტო" ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესია, რომელსაც მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე მართავენ, მული და რძალი. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების სერიულ წარმოებას საფუძვლად ოჯახში ხეზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება დაედო, თუმცა საწარმოს შემდგომი განვითარება საკუთარ თავზე მარიკამ და ლალიკომ აიღეს. მთავარი მიზანი ქართველი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხის სათამაშოების შექმნაა, ასევე იმპორტის ჩანაცვლება და, რა თქმა უნდა, საექსპორტო ბაზრების ათვისება. "კოკიტოს" უკვე ჰყავს დამკვეთები ევროპიდან და მისი სათამაშოები მალე Amazon-ზეც გაიყიდება, თუმცა მარიკა გრიგოლიშვილს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. შემდგომი მიზნების დასახვაში და მათი შესრულებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში მას საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამაც დაეხმარა.

როგორ დაიწყო "კოკიტოს" ისტორია?

ხის სათამაშოების საწარმო "კოკიტო" 2019 წელს შეიქმნა, ოჯახური ბიზნესის ბაზაზე. ჩემს ოჯახს ხეზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე დიდი კაპიტალი სამუშაო პროცესში. ამ ბრენდის სულისჩამდგმელი არის მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა შეექმნა ხის სათამაშოები. ერთხელ გერმანიაში ხის სათამაშოების გამოფენაზე მოხვდა და იქ გადაწყვიტა ეს ბიზნესი დაეწყო. ჩვენც, მთელი ოჯახი ჩავერთეთ ამ საქმიანობაში, რადგან ჩემი და დიზაინერია, ჩემი ძმაც ამ სფეროშია დასაქმებული და ახლა ყველა აქტიურად ვმუშაობთ ამ ბრენდის განვითარებაზე. მე ჩართული ვარ უფრო მეტად მარკეტინგის მიმართულებით და საწარმოო პროცესში. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა პროექტებში, რაც ძალიან გვეხმარება განვითარებაში.

რა გამოარჩევს ამ ბიზნესს?

საქართველოში არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ხეზე, თუმცა სერიული წარმოება ძალიან ცოტას აქვს. ძირითადად ხელით მუშაობენ და ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. რთულია ასეთი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. შესაბამისად, ჩვენი ბრენდის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაწარმოოთ სერიულად, რაც ამ სათამაშოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და მათი შეძენა არ არის დაკავშირებული ასტრონომიულ თანხებთან. 

როგორ მზადდება თქვენი სათამაშოები? როგორ წყვეტთ ხოლმე, რა ტიპის და დიზაინის პროდუქცია შექმნათ?

ჩვენი სათამაშოები თანხვედრაშია მონტესორის და ვალდორფის მეთოდებთან, რაც ბავშვის შეხებით განვითარებას გულისხმობს, ანუ თამაშის პროცესში ხდება ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება. ამიტომ, ვცდილობთ, რომ თითოეული სათამაშო იყოს განმავითარებელი, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ფანტაზიაზე, ფერების აღქმაზე და ა.შ. ანუ ყველა სათამაშო თანხვედრაშია ბავშვის განვითარების ეტაპებთან ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გვყავს დიზაინერები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ასევე საბავშვო მხატვრები, რომლებიც ქმნიან ილუსტრაციებს და შემდეგ ხდება მათი დატანა ხის სათამაშოებზე. ასევე, გვაქვს იდეა, გავაკეთოთ ყუთები, სადაც ინტეგრირებულად იქნება წარმოდგენილი საღებავები და სათამაშოები იმისთვის, რომ ბავშვმა თავადვე შეძლოს ხის სათამაშოს მოხატვა. ამ სათამაშოებზე მუშაობენ ფსიქოლოგებიც, რომლებმაც კარგად იციან ბავშვის ფსიქოლოგია და მისი განვითარების ეტაპები.

რამდენად კმაყოფილი ხართ ამ დრომდე მიღწეული შედეგებით?

თავიდან ნელი ტემპებით მივიწევდით წინ, თუმცა გასულმა სამმა წელმა დაგვანახა, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იმ მიზნით, რომ გაგვეგო, რა საჭიროებებია ბაზარზე, გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა სათამაშოების მაღაზიაც. ამან მეტი ინფორმაცია მოგვცა ამ სფეროს შესახებ და გაგვიადვილა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ გერმანიაში, ნიურნბერგში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, სადაც ურთიერთობა დავამყარეთ გერმანულ წამყვან ბრენდებთან და უკვე მეათე თვეა, დაახლოებით ოცამდე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკების პროცესი. ამანაც დიდი გამოცდილება მოგვცა: მივხვდით მსოფლიო მასშტაბით რა მოდელებზეა დიდი მოთხოვნა და რა მიმართულებებია მეტად პოპულარული, რამდენადაც ამ ბიზნესში სწრაფად იცვლება ტენდენციები, თუნდაც მშობლების გემოვნება და ახალ-ახალი მიმართულებები ხდება აქტუალური. აი, ამ ცოდნის ბაზაზე უკეთ ჩამოვყალიბდით და მივხვდით, თუ რა არის ძირეულად მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის და შესაბამისად, სწორი მიმართულებით დავიწყეთ სვლა. 

ახლა რა მიზნისკენ მიდიხართ?

ჩვენ ვთვლით, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, ქართული ბაზარი გავაჯეროთ ჩვენი პროდუქციით და უპირველესად ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა "კოკიტოს" სათამაშოებზე, სადაც ჩვენ ეკოლოგიურად უსაფთხო, ნატურალურ ქართულ ხეს და მხოლოდ გერმანულ, წყლის ბაზაზე დამზადებულ, ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საღებავებს ვიყენებთ. თუმცა, სამომავლოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, "კოკიტო" გახდეს ევროპული სტანდარტების სერიული წარმოების საწარმო, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს ჩვენი ბრენდის ქვეშ შექმნილ პროდუქციას და აითვისებს საექსპორტო ბაზარს. ეს არის ყველაზე მთავარი მიზანი. ახლახანს მივიღეთ მონაწილეობა პროექტში და დაახლოებით ორ კვირაში გავემგზავრებით ბაქოში, სადაც გვექნება შეხვედრები იქაურ კომპანიებთან. დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანულ ბაზარზეც გამოჩნდება. გარდა ამისა, რვათვიანი მოლაპარაკებების შედეგად პირველი კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ გერმანულ კომპანიასთან, Helga Kreft-თან, რომელმაც დაგვიკვეთა 500 ცხენი. ჩვენ მიერ შექმნილი სათამაშოები გერმანიაში, ძალიან ცნობილ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ შეკვეთას მივიღებთ მათგან. ასევე ვმონაწილეობთ ესტონურ პროექტში, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, რომ ესტონეთის ბაზარზეც გავიტანოთ პროდუქცია და იქაც მოვსინჯოთ ძალები. 

მართალია, ნულიდან არ დაგიწყიათ და თქვენს ბრენდს საფუძვლად ოჯახური ბიზნესი დაედო, თუმცა მაინც, რამდენად რთული გამოწვევა იყო ახალი წარმოების სათავეში ჩადგომა პირადად თქვენთვის?

მე პროფესიით კინომცოდნე ჟურნალისტი ვარ. ათი წელი ვმუშაობდი კინოსფეროში და ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სამი შვილი მყავს, მომიწია უარი მეთქვა ჩემს პროფესიაზე და პრინციპში, ეს ჩემი გადაწყვეტილებაც იყო, რადგან ამ პერიოდში მქონდა სხვა ბიზნესის დაწყების მცდელობაც, ისიც საწარმო იყო და მივხვდი, რომ ჩემი მთავარი მიზანია ვაკეთო ჩემი ბიზნესი. საწარმოო პროცესი ძალიან რთული გამოწვევა იყო ჩემთვის, თუმცა ეს რთული გზა თავად ავირჩიე, რადგან ძალიან საინტერესოა როცა რაღაცას ქმნი და მერე შენს მიერ შექმნილ პროდუქტთან გაქვს შეხება. კი, ძალიან რთულია, მით უმეტეს ქალისთვის, რადგან ძალიან დიდი შრომის, ბრძოლის და შემართების საფუძველზე მოდის ეს შედეგი. ამ ბიზნესს ისეთი სპეციფიკა აქვს, რომ თავიდან ძალიან დიდი ადამიანური და დროითი რესურსის ჩადება გიწევს, ხოლო შედეგის მიღწევას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ეს არ არის მარტივი, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან თან რომ საქმიანი ხარ და თან ეს საქმე თავიდანვე არ გაძლევს დიდ მოტივაციას ფინანსური თვალსაზრისით, დიდი შემართება და მოთმინება უნდა გქონდეს, რომ მაინც საბოლოო მიზნისკენ იარო. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია ყველა ქალი მეწარმე, რომელიც ცდილობს, რომ დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა ბიზნეს სამყაროში. 

ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა მიზანს მიაღწიეთ და კიდევ რა გრჩებათ?

ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ახლა რა ეტაპზეც ვართ. ჩვენ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით დავიწყებთ განვითარებას, რადგან საწყისი პროცესები იყო რთული და ახლა უკვე ვხედავთ რომ დიდი მოთხოვნა გაჩნდა. რაც მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი ხედვა და მივხვდით სად უნდა მივიდეთ. მივხვდით იმასაც, რომ ევროკავშირის ბაზარი ძლიან დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის და ჩვენნაირი საწარმოებისთვის, რადგან ისინიც დაინტერესებულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაამყარონ კომუნიკაცია და აქ ჰქონდეთ საწარმოებთან ურთიერთობა. რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ ჩინური საწარმოების ალტერნატივად განვიხილებოდეთ, რადგან ჩინეთიდან ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება. ევროპული ბიზნესი ცდილობს ურთიერთობები მაქსიმალურად აქეთ გადმოიტანოს და ამიტომ, ჩვენ დიდი შესაძლებლობა გვაქვს ჩავანაცვლოთ ჩინური წარმოება ამ ნაწილში და მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია ბევრად უფრო მოკლე დროში, ბევრად უფრო სასიამოვნო კომუნიკაციის პროცესის თანხლებით. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში აქტიურად ჩართვამ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები დაგვანახა და ახლა ზუსტად ვიცით საით მივდივართ, თავიდან რთული იყო, მაგრამ ახლა უკვე მარტივდება ყველაფერი.

მაინც, რა არის მთავარი უნარი წარმატების მისაღწევად?

მიზანდასახულობა. ძალიან ძლიერი მიზანი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ გზადაგზა შემხვედრმა წინაღობებმა არ შეგაფერხოს, რადგან შედეგი მალე არ მოდის და ბევრი ჩავარდნის შემდეგ, ახლიდან გიწევს დაწყება, გაგრძელება. დიდი დროის ინვესტირება არის ყველაზე რთული ნაწილი. ასევე, მუდმივად მომავალზე ორიენტირებაა საჭირო, რომ ეს გამოგივა. და, რა თქმა უნდა, რწმენა - უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ.

რამდენად დაგეხმარათ ამ უნარების გაძლიერებაში UNDP-ის და "საქართველოს ბანკის" მეწარმე ქალთა პროგრამა?

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რადგან გავიარეთ არაერთი მოდული - ფინანსური, ციფრული მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, ლიდერობის მიმართულებით. ძალიან ბევრი თემა იყო განხილული, რაც უშუალოდ ბიზნესის კეთების პროცესში გჭირდება. მე, პირადად, ძალიან დამეხმარა ეს პროგრამა, რადგან მენტორინგის სესიებსაც მოიცავდა და საშუალება გვქონდა ინდივიდუალურად გავსაუბრებოდით ტრენერებს, რჩევები მიგვეღო. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი პროექტი იყოს საქართველოში ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად, რადგან ყველა მეწარმეს უნდა ჰქონდეს ცოდნა და არ უწევდეს ველოსიპედის თავიდან გამოგონება. ფაქტობრივად, ბიზნესში მთავარი გამწევი ძალა მაინც ცოდნაა, გამოცდილებასთან ერთად. სწორედ ამ ცოდნის და უნარების განვითარებას უწყობს ხელს ამ ტიპის პროექტები. მე ყველა პროექტში ვიღებ მონაწილეობას ცოდნის გასაღრმავებლად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვილი. ასეთ პროექტებში მონაწილეობისას ყველა ჯერზე ახალ-ახალი იდეები მოგდის, თითქოს კიდევ ერთი ახალი ფანჯარა იხსნება შენს ტვინში.