
Twitter-მა ცნობილი ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის ანგარიში დღეს ისევ გააუქმა და ამის მიზეზად პლატფორმის წესების დარღვევა დაასახელა.
"მაქსიმალურად ვეცადე. ამის მიუხედავად, მან კვლავ დაარღვია ძალადობის წაქეზების წინააღმდეგ მოქმედი წესი. ანგარიში შეჩერდება", - წერს პლატფორმის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი.
გუშინ გვიან ღამით Twitter-მა ასევე შეზღუდა კანიეს ერთ-ერთი ტვიტი. მოგვიანებით კი ანგარიში გააუქმა.
ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, Twitter-მა რეპერის ანგარიში გასული თვის ბოლოს აღადგინა, თუმცა, შემდეგ მასკმა განმარტა, რომ კანიე ქსელში მას არ დაუბრუნებია.
Twitter-სა და Instagram-ზე რეპერი ანტისემიტური პოსტების გამო დაიბლოკა. ამის შემდეგ, მან Parler-ის ყიდვის სურვილი გამოთქვა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გარიგება აღარ შედგება.
"გარიგებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ორმხრივი იყო", - წერს Parler-ი Twitter-ზე.
Parler-ის მშობელი კომპანიის, Parlement Technologies-ის განაცხადებით, გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღეს.
"Parler გააგრძელებს მომავალი შესაძლებლობების განვითარებას და პლატფორმის ევოლუციას", - წერს კომპანია.
Parler 2018 წელს შეიქმნა. სოციალური მედიის საიტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებით იყო ცნობილი და კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ ტექ. გიგანტების ძალისხმევით ინტერნეტიდან დროებით გაითიშა, რადგან Parler ერთ-ერთი იყო იმ არხებს შორის, რომლებსაც კაპიტოლიუმზე შეტევის ორგანიზატორები იყენებდნენ.