LIVE

წისქვილკომბინატები შესაძლოა კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

22 ნოე 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
წისქვილკომბინატები შესაძლოა კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

საქართველოში ხორბლის იმპორტს ფქვილის იმპორტი თითქმის სრულად ანაცვლებს, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთია. სექტორში ელიან, რომ შესაძლოა, წისქვილკომბინატებმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ და ინდუსტრია ისევ გაჩერდეს.

"ქვეყანაში ხორბალი პრაქტიკულად არ შემოდის, ან თუ შემოდის ძალიან მცირე რაოდენობით. წინა ორი თვე იყო მოსავლიანობის პერიოდი და მხოლოდ ამ მიზეზით შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. სასურსათო უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, ყველაზე მძიმე ისაა, რომ წისქვილკომბინატები უბრალოდ ვერ გადარჩებიან", - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ქეთი კუბლაშვილი, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გენერალური დირექტორი.

სექტორში ფიქრობენ, რომ გამოსავალი მთავრობის მხრიდან რაიმე მექანიზმის ამოქმედებაა, მაგალითად ის, რომ დაწესდეს გადასახადი ფქვილის იმპორტზე, რათა ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო ფასები ერთმანეთს გაუთანაბრდეს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულას“ უყვებიან, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანას ხორბლის 2 თვის მარაგი აქვს, თუმცა ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადი, ე.წ მცურავი ბაჟი, ყოველკვირეულად ცვალებადია, რაც ხორბლის შემოტანას კიდევ უფრო ართულებს.

ცნობისთვის, გაძვირებული მარცვლეულის გამო, უკვე დიდი ხანია საქართველოში პურკომბინატები ფქვილის შემოტანაზე გადაერთნენ, რაც მათთვის ფინანსურად მომგებიანია, რადგან ფქვილის იმპორტზე, ხორბლისგან განსხვავებით, საიმპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში ჯამურად დაახლოებით 48 მლნ დოლარის ღირებულების 133 012 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. აგვისტოში ხორბლის იმპორტმა 30 000 ტონა შეადგინა, თუმცა სექტემბრის მონაცემებით ეს რიცხვი განახევრდა, რაც შეეხება ოქტომბერს, იმპორტი მცირედით გაიზარდა და რუსეთიდან სულ 28 000 ტონა შემოვიდა.