LIVE

ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე თაღლითური სქემები გახშირდა

18 ნოე 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე თაღლითური სქემები გახშირდა

ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე თაღლითური სქემები გახშირდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც საკუთარი პერსონალური მონაცემების გაზიარების გამო, საბანკო ანგარიშებიდან მნიშვნელოვანი თანხა დაკარგეს.

თაღლითობის შემთხვევების მატებას ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Mymarket.ge-შიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაზარალებული მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა მუდმივად მზარდია. კერძოდ, ტექნოლოგიურ კომპანია TNET-ის პროდუქტების ხელმძღვანელი, ნიკა ჩილინდრიშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თაღლითები ყველაზე ხშირად whatsapp-სა და viber-ს იყენებენ. ნდობის მოპოვების შემთხვევაში, კი გზავნიან ბმულს, რომელიც რეალურად მომხმარებელთა თანხის მისათვისებლად არის შექმნილი.

"დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც თაღლითები აღნიშნული სქემით მოქმედებენ. თავდაპირველად, ერთი კონკრეტული არხით ეკონტაქტებოდნენ მომხმარებლებს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს არხები გაიზარდა და თავიდან თუ მხოლოდ whatsapp-ს იყენებდნენ, ახლა უკვე მობილური შეტყობინების, viber-ით ან სხვადასხვა არხებით კონტაქტობენ. პრობლემასთან საბრძოლველად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას, იქნება ეს პლატფორმები თუ სოციალური გვერდები. ასევე, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათ პერიოდულად ვაწვდით ყველა იმ საჭირო მასალას, რაც გამოძიებას თაღლითური სქემების გამოვლენაში დაეხმარება", - განაცხადა ნიკა ჩილინდრიშვილმა.

მიმდინარე წელს ფიშინგის შემთხვევების მატებაზე ეროვნული ბანკიც მიუთითებს და პერიოდულად მომხმარებლებს აფრთხილებს. იმისათვის, რომ არ გავხდეთ თაღლითური სქემის მსხვერპლნი, სპეციალისტები გვირჩევენ, არ ვენდოთ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებს და არ გავაზიაროთ ჩვენი პერსონალური მონაცემები.