LIVE

JP Morgan: ბიტკოინის გამო ოქრო წლების განმავლობაში იზარალებს

10 დეკ 202018:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 311
JP Morgan: ბიტკოინის გამო ოქრო წლების განმავლობაში იზარალებს

ტრადიციულ ფინანსებში, კრიპტოვალუტების ზრდა ოქროს ხარჯზე ხდება, ამბობს JPMorgan-ი.

ოქტომბრიდან ფულის რეზერვებმა ოქროდან ბიტკოინში გადაინაცვლა, რაც გრძელვადიანი ტენდენციაა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სულ უფრო მეტი ინსტიტუციური ინვესტორი აბანდებს ფულს კრიპტოვალუტებში.

JPMorgan-ი  Wall Street-ის რამდენიმე ბანკიდან ერთ-ერთია, რომელიც ოქროს და კრიპტოვალუტების ბაზრებზე დიდ ცვლილებას ელოდება, რადგან ციფრული ვალუტები, როგორც აქტივების კლასი, სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის ძვირფასი ლითონებზე ორიენტირებულ ინვესტორებს, რომლებსაც ფსონი ოქროზე ჰქონდათ დადებული. 

”ინსტიტუციური ინვესტორები ახლა იწყებენ ბიტკოინის მიღებას, ხოლო ოქრო ტრადიციული საინვესტიციო აქტივია,” - მიიჩნევენ JPMorgan-ის სტრატეგისტები.

Grayscale Bitcoin Trust-ს, რომელიც პოპულარულია ბირჟის ინვესტორებს შორის, ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მატება ჰქონდა. პარალელურად, ოქროთი უზრუნველყოფილ ფონდებს, რომლებიც ბირჟაზე ივაჭრებიან, ამავე პერიოდში 7 მილიარდი დოლარი მოაკლდათ. ბანკის გათვლებით, ამჟამად ბიტკოინი 0.18%-ს იკავებს აქტივების პორტფელში, ხოლო ოქროს წილი 3.3%-ია. 

”თუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზი გამართლდება, ოქროს ფასი უახლოეს წლებში დაეცემა" - მიიჩნევს JPMorgan-ი, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, დასაშვებად მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი გადაჭარბებული იყოს, ხოლო ოქრომ აღმასვლა დაიწყოს. როგორც კი ბიტკოინთან დაკავშირებული სიგნალები გაუარესდება, მოსალოდნელია, რომ იმ ინვესტორებმა, ვინც საფასო ტრენდებზე ვაჭრობენ, მისი გაყიდვა დაიწყონ.

ბიტკოინი მიმდინარე კვირაში 6%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ბოლო დროის აბსოლუტური მაქსიმუმი დააფიქსირა 19,462 დოლარზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედი სპენსი