LIVE

ქართული ნაწარმის უცხოურ პლატფორმებზე გაყიდვას გადაზიდვის ხარჯები აბრკოლებს

20 ნოე 202216:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 688
ქართული ნაწარმის უცხოურ პლატფორმებზე გაყიდვას გადაზიდვის ხარჯები აბრკოლებს

ქართველი სტარტაპერებისა თუ მცირე მეწარმეებისთვის, მსოფლიოს წამყვან ონლაინ პლატფორმებზე პროდუქტის გაყიდვისას მთავარი გამოწვევა ე.წ შიპინგის ანუ გადაზიდვების გაზრდილი ხარჯებია, რის გამოც ქართული ნაწარმის უცხოურ ბაზრებზე გაგზავნა თვითღირებულებაზე უფრო ძვირი ჯდება.

ამას ემატება ისიც, რომ ქართველ მეწარმეებს აკლიათ ტექნიკური ცოდნა ონლაინ გაყიდვებში იმისთვის, რომ მათი პროდუქცია საძიებო სისტემაში ადვილად იძებნებოდეს.

"ამჟამად ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ ნივთები გავაგზავნოთ, თუმცა ყველაზე მცირე ტარიფი $14-ია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ნივთის ღირებულებას აღემატება, ამიტომ მეწარმესაც აღარ უღირს, რომ თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ივერი თოთრაშვილი, ბრენდ "ივიკოს" დამფუძნებელი.

დამატებით პრობლემას ქმნის საზღვაო გადაზიდვებისას კონტეინერის ღირებულებაც, მცირე ზომის ტვირთის გასაგზავნადაც კი მწარმოებლებს უწევთ მთელი კონტეინერის აღება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ელექტრონული კომერციის ბაზარზე მსხვილი მოთამაშე არ არის, ონლაინ მაღაზიები, როგორებიცაა: Amazon.com, Ebay.com, Etsy.com და სხვა, საქართველოს ნაკლებად პრიორიტეტულ ქვეყნად აღიქვამენ, რის გამოც მეწარმეებს ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემასა თუ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ლოდინი შესაძლოა, რამდენიმე კვირაც დასჭირდეთ.

ამ დრომდე უცნობია ისიც, დაუბრუნდება თუ არა საქართველო Etsy.com-ის ციფრულ პლატფორმას, რომელსაც ქართველი მომხმარებლები საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ არა ერთი პროდუქტის გასაყიდად. საუბარია ნებისმიერი ტიპის პროდუქტის გაყიდვაზე: ხელნაკეთ ნივთებზე, სამკაულებზე, ჩანთებსა თუ სხვა ნაწარმზე.

საქართველო Etsy.com-ზე თითქმის 2 წელია დაბლოკილია, დარჩენილია მხოლოდ ძველი ანგარიშები, ახლის შექმნა კი შეუძლებელია. დაბლოკვის მიზეზი ის გახდა, რომ Etsy.com-ზე რეგისტრაცია PayPal-ის პრინციპით საკმაოდ მარტივი იყო და ბევრმა მომხმარებელმა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნებიდან არაკეთილსინდისიერად გამოიყენა, ყალბი ნივთი გაყიდა და თანხა მიითვისა. მიუხედავად ამისა, დღემდე პლატფორმაზე 32 000 ქართული პროდუქტია განთავსებული, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც ძველი ანგარიში აქვს დარჩენილი.

"Etsy.com-ის დაბლოკვის შემდეგ კონკურენტ Shopify-ის პლატფორმაზე გადავეწყვეთ, Etsy-სთან შედარებით საკმაოდ ძვირია, ყოველთვიური გადასახადი, 24 დოლარია, Etsy-ზე განცხადების განთავსება მხოლოდ 24 ცენტი ჯდებოდა. ამ ყველაფერს კი ორივე პლატფორმისთვის ემატება მარკეტინგული ხარჯები," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ლევან მოლაშვილი, ონლაინ კომერციის პრეზიდენტი.