LIVE

Fed-ის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, ნავთობი გაიაფდა

03 ნოე 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
Fed-ის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, ნავთობი გაიაფდა

აშშ-ის ცენტრალური ბანკის (Fed) მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზისო პუნქტით ანუ 0.75%-ით გაზრდის შემდეგ, ნავთობი გაიაფდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 37 ცენტით, ანუ 0,4%-ით შემცირდა და ბარელზე $95,79 შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფიუჩერსები 60 ცენტით, ანუ 0,7%-ით, $89,40-მდე შემცირდა.

ნავთობის ფასის ვარდნა განაკვეთის ზრდის შედეგად გამყარებულმა დოლარმა და გლობალური რეცესიის შიშმა განაპირობა. გამყარებული დოლარი ამცირებს ნავთობზე მოთხოვნას, რადგან მისი ფასი იზრდება მყიდველებისთვის, რომლებიც საწვავს სხვა ვალუტით ყიდულობენ.

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა გუშინ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება, მაღალი ინფლაციის გამო, მიიღო. ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 3.75-4%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაკვეთის ზრდის შეჩერებაზე ფიქრი ნაადრევია. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ის 5%-მდე გაიზრდება.  

აშშ-ში საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა სექტემბერში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. წლიური საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასს გამორიცხავს, სექტემბერში 6.6%-მდე გაიზარდა, რაც 1982 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.