LIVE

Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშნის გამოყენება შესაძლოა ფასიანი გახდეს

01 ნოე 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშნის გამოყენება შესაძლოა ფასიანი გახდეს

Twitter-ის მომხმარებლებს ვერიფიკაციის სიმბოლოს გამოყენებისთვის შესაძლოა თვეში $19.99 გადახდა მოუწიოთ

ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც ილონ მასკი კომპანიის ყიდვის შემდეგ პლატფორმაზე გეგმავს. 

მას შემდეგ, რაც მილიარდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "დადასტურების მთელი პროცესი განახლებულია", მედიაში სანდო წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Twitter მომხმარებლებისთვის სიმბოლოს გამოყენების სანაცვლოდ, გადასახადის დაწესებას განიხილავს. 

მედიის თანახმად, Twitter-ის მომხმარებლებს, რომლებიც ვერიფიკაციის ბეჯს ფლობენ, 90 დღე ექნებათ, რათა გამოიწერონ აპლიკაციის პრემიუმ სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეჯს დაკარგავენ.  

The Verge წერს, რომ მასკმა პროექტზე მომუშავე თანამშრომლებს ფუნქციის გასაშვებად ერთი კვირა მისცა. 

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება გასულ კვირას დაასრულა. კომპანიის ყიდვისთანავე მან გაათავისუფლა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და მასთან ერთად, კიდევ ორი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ფინანსური დირექტორი და პოლიტიკის ხელმძღვანელი.

მასკი პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. მილიარდერმა თქვა, რომ მომხმარებლების მუდმივი დაბლოკვის პრაქტიკას არ ეთანხმება, რაც ზრდის ალბათობას, რომ პლატფორმაზე დაბლოკილი ანგარიშები აღდგეს. ამასთან, შესყიდვამდე მასკმა თქვა, რომ  სურდა, შეეცვალა, ანგარიშების გადამოწმების პროცესი. 

ამ დროისთვის, ვერიფიკაციის ლურჯი სიმბოლო მინიჭებული აქვთ ქსელში აქტიურ ორგანიზაციებს, ბრენდებს, კომპანიებს და პირებს, რომელთა ნამდვილობა დოკუმენტაციით დასტურდება.