LIVE

შემოსავლების სამსახური საქართველოს გავლით ყაზახური ურანის ტრანზიტზე განცხადებას ავრცელებს

28 ოქტ 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
შემოსავლების სამსახური საქართველოს გავლით ყაზახური ურანის ტრანზიტზე განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ერთ-ერთ საბაჟო საწყობში განთავსებულია ყაზახეთიდან შემოსული ტრანზიტისთვის განკუთვნილი ურანი. 

უწყების განცხადებით, ყაზახური ურანის საქართველოს გავლით ტრანსპორტირება ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
 
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
 
ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში.
 
აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.
 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი“, - აცხადებენ უწყებაში. 
 
შეგახსენებთ, გუშინ სხვადასხვა გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია Kazatomprom-ის განცხადების მიხედვით, დასავლეთის ბაზრებზე მისაწოდებელი ბირთვული მასალა ფოთში კონსოლიდაციის მოლოდინშია და მოთხოვნილი დოკუმენტებისა და დეტალების გამო, გადაზიდვა ყოვნდება. კომპანია აღნიშნავს, რომ თუ TITR ტრანზიტზე ტვირთები კიდევ შეფერხდება, ეს 2022 წლის გაყიდვებსა და შემოსავლებზე აისახება.
 
ცნობისთვის, ყაზახეთს საქართველოს გავლით, უფრო მეტი ურანის გადატანა სურს. Kazatomprom-ის განცხადებით, კომპანია მსოფლიოს ქვეყნებს ურანს ამ დრომდე, რუსეთის გავლით, შეუფერხებლად აწვდის. მიუხედავად ამისა, ყაზახეთს სურს, რომ გააძლიეროს ალტერნატიული მარშრუტები, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გაფართოების შემთხვევაში, მის ექსპორტზე პოტენციური ზემოქმედების რისკი შეამციროს.