LIVE

სადაზღვევო კომპანიები დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას ითხოვენ

26 ოქტ 202214:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
სადაზღვევო კომპანიები დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას ითხოვენ

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის დაფინანსების ახალი სისტემა (DRG მოდელი) მათზეც უნდა გავრცელდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ინსტრუმენტად იყენებს.

როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, თუ სადაზღვევო კომპანიები დაფინანსების ახალ მოდელში ვერ მიიღებენ მონაწილეობას შესაძლოა, ხარჯი გაეზარდოთ და სადაზღვევო პაკეტების ფასის გაზრდა მოუწიოთ.

"ჩემდა სამწუხაროდ ცნობილი ხდება, რომ ბევრი კლინიკა დაფიქრდა, ითანამშრომლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვფიქრობთ, რომ ეს აისახება ჩვენზეც, რაც თავისთავად გამოიწვევს ხარჯების ზრდას და სადაზღვევო პრემიების გადახედვას, პაციენტს კი მოუწევს ერთი მხრივ, ე.წ ჯიბიდან გადახდები და არ არის გამორიცხული, სადაზღვევო პრემიების ოდენობაც გაიზარდოს,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" "არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ეკა ერგემლიძე.

ამასთან, როგორც სადაზღვევო კომპანიებში "ბიზნეს ფორმულას" უყვებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მათთვის DRG-ის ოფიციალური დადგენილებაც არ გაუზიარებია, სადაზღვევოს სექტორის წარმომადგენლები ცდილობდნენ კომუნიკაციაზე გასვლას სამინისტროსთან და შეხვედრის ორგანიზებას, თუმცა უწყებისგან უკუკავშირი არ ყოფილა.

"DRG-ის მოდელი უნდა იყოს საყოველთაო, ისე როგორც მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაშია, ახლა კი გამოდის რომ ის მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვაზე გავრცელდება, ჩვენ ვითხოვდით შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ სადაზღვევოებიც გადავსულიყავით ახალ მოდელზე, თუმცა მათგან კომუნიკაცია არ იყო,"- აცხადებს "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე.

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდებაDRG მოდელზე გადასვლა გულისხმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

როგორც წესი, ეს მომგებიანი უნდა იყოს როგორც კლინიკებისთვის, ისე პაციენტებისთვის, რადგან, ამ სისტემით ერთსა და იმავე შემთხვევას/დიაგნოზს სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ფასი აღარ ექნება და ყველასათვის გამჭვირვალე და ობიექტური გახდება. თუმცა ამ ეტაპზე, გაურკვეველია რა ბედი ელით სადაზღვევო კომპანიებს და განიხილავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო სამომავლოდ მათ ჩართვას დაფინანსების ახალ მოდელში.