LIVE

გერმანიაში დროებით დასაქმებაზე აპლიკაცია 35,121-მა პირმა შეავსო

16 თებ 202116:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 8889
გერმანიაში დროებით დასაქმებაზე აპლიკაცია 35,121-მა პირმა შეავსო

„დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ ამ დროისთვის 53,274 პირი დარეგისტრირდა, ხოლო სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ მათგან 35 121 პირმა შეავსო, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენი ადამიანია ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით დასაქმების პრეტენდენტი. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა იყოს ნამყოფი შენგენის სივრცეში;
  • უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • არ უნდა ჰქონდეს არანაირი მიზეზი (დარღვევა), რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • უნდა ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებას 1-დან 3 თვემდე ვადით შეძლებენ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

საქართველოს მოქალაქეების დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გახდა შესაძლებელი. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge