საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 17.5%-ითაა გაზრდილი.
გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, გაიზარდა როგორც ახალაშენებული ბინების (10.9%-ით), ისე ახალაშენებული კერძო სახლების (10%-ით) გასაყიდი ფასები.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, ფასებმა ძირითადად კერძო სახლების სეგმენტში მოიმატა (8.8%).
მესამე კვარტალში ბინების კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა - 4,931 ლარი;
- ვაკე - 4,129 ლარი;
- საბურთალო - 3,128 ლარი;
- ჩუღურეთი - 2,874 ლარი;
- დიდუბე - 2,701 ლარი;
- ნაძალადევი - 2,674 ლარი;
- კრწანისი - 2,671 ლარი;
- გლდანი - 2,500 ლარი;
- ისანი - 2,478 ლარი;
- სამგორი - 2,407 ლარი.
კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა - 3,456 ლარი;
- ვაკე - 3,208 ლარი;
- საბურთალო - 2,868 ლარი;
- კრწანისი - 2,779 ლარი;
- დიდუბე - 2,730 ლარი;
- ისანი - 2,413 ლარი;
- ჩუღურეთი - 2,274 ლარი;
- სამგორი - 2,182 ლარი;
- ნაძალადევი - 1,928 ლარი;
- გლდანი - 1,911 ლარი.
ცნობისთვის, RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
შეგახსენებთ, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, თბილისში 31 023 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წლიური ზრდა 21%-ია. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის ზომა 35%-ით, 1.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი დამატებით 14%-ით გაიზრდება. როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მომავალ წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირების მთავარი მიზეზი მიგრაციით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნა იქნება.