LIVE

ომიკრონის სწრაფად მუტირებადი ვარიანტები მსოფლიოს ახალ საფრთხეებს უქმნიან

14 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
ომიკრონის სწრაფად მუტირებადი ვარიანტები მსოფლიოს ახალ საფრთხეებს უქმნიან

2021 წლის ბოლოს აღმოჩენილი უაღრესად გადამდები ომიკრონის შტამის ქვევარიანტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის რეგულაციებით და ტესტირებით დაღლილ მოსახლეობაში Covid-19-ის შემთხვევების ახალ ტალღებს აძლიერებენ. ვარიანტების ასეთი გავრცელება უპრეცედენტოა.  

1. როგორ ვითარდება ომიკრონი?

ომიკრონი პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში გასული წლის ბოლოს, როდესაც მან დელტა ვარიანტს გადაუსწრო. მისი პირველი ქვევარიანტი B.1.1.529 სპაიკის პროტეინის გენში 30-მდე მუტაციით ხასიათდება. ცვლილებების შედეგად შეიძლება პათოგენი ნაკლებად ცნობადი გახდეს იმ ანტისხეულებისთვის, რომლებსაც იმუნური სისტემა ვაქცინაციის ან Covid-19-ის გადატანის შედეგად გამოიმუშავებს, რაც ინფიცირების რისკს ზრდის. 

2. რა ვიცით ქვევარიანტებზე?

ომიკრონის უწყვეტი ევოლუცია მოჰყვა ერთდროულად წარმოქმნილ მრავალ და უფრო სწრაფად გავრცელებულ ქვევარიანტებს. თითოეული მათგანი შეიცავს გენეტიკური მუტაციების განსხვავებულ თანავარსკვლავედს, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტისხეულების აცილებაზე, ინფექციურობასა და დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარზე.

ზოგიერთმა მუტაციურმა შტამმა შეიძინა ანტისხეულებისგან თავის არიდების გასაოცარი უნარი. მეცნიერებმა კონკრეტულ ვარიანტებს დაარქვეს მეტსახელები, როგორიცაა "ბასილისკი" და "გრიფონი", რათა ისინი ერთმანეთისგან განასხვაონ.

 

3. რომელი შტამებია ყველაზე შემაშფოთებელი?

ქვევარიანტები, რომლებიც ცნობილია როგორც BQ.1.1, BQ.1, BQ.1.3, BA.2.3.20 და XBB, ომიკრონის ყველაზე სწრაფად გავრცელებულ ქვეშტამებს შორისაა.

დიდი ბრიტანეთის მონაცემებზე დაყრდნობით, BQ ვარიანტები, ისევე როგორც BA.2.75.2 და BF.7 ყველაზე შემაშფოთებელია მათი გავრცელებისა და იმუნიტეტისგან თავის არიდების გამო. 

აღსანიშნავია BF.7, რომელზეც აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" თანახმად, 8 ოქტომბრამდე კვირაში შემთხვევების 4.6% მოდიოდა, მის წინა კვირაში კი - 3.3%.

სააგენტომ აღნიშნა, რომ BA.5-ის შემდეგ, BA4.6 იყო ყველაზე გავრცელებული, რაც ოქტომბრის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, 12.7%-დან 13.6%-მდე გაიზარდა.

ბანგლადეშსა და სინგაპურში XBB შტამი ასევე დაკავშირებულია შემთხვევების მცირე ზრდასთან.  

4. რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები?

ზოგადად, ომიკრონის ვარიანტები ამცირებს თავდაპირველად შექმნილი ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის ეფექტურობას. ე.წ. ბუსტერ დოზები (განსაკუთრებით Moderna-ს, Pfizer-ის და BioNTech-ის mRNA ვაქცინები) არსებითად აუმჯობესებს სიმპტომური დაავადებისა და ინფექციისგან დაცვას, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ეფექტი მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ე.წ. ბუსტერ დოზები აცრიდან 6 თვის შემდეგ, დამატებით კვლევებს მოითხოვს. 

5. რა უნდა გავითვალისწინოთ?

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის ზოგიერთმა ახალმა ვარიანტმა ახალი ტალღები და პიკური მაჩვენებლები გამოიწვია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ იზრდება და გასული ტალღების ტემპი ნარჩუნდება.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ გადატანილი დაავადებისა და ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი იმუნიტეტი ადამიანებს მძიმე ავადმყოფობისგან იცავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენმარი ჰორდერნი, სალეჰა მოჰსინი და ჯენიფერ ჯეიკობსი