
Nissan Motor-მა მიიღო რუსეთიდან სრულად გასვლის გადაწყვეტილება, რაც მე-2 უმსხვილეს იაპონურ ავტომწარმოებელს დაახლოებით ¥100 მილიარდი ($687 მილიონი) უჯდება.
კომპანიის განცხადების მიხედვით, Nissan-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანიის აქციები ერთ ევროდ გადაეცემა სახელმწიფო საავტომობილო კვლევით ინსტიტუტს, რომელიც NAMI-ის სახელითაა ცნობილი. ავტომწარმოებლის ზარალი ერთჯერადია და ის მიმდინარე კურსითაა დათვლილი.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, გარიგება Nissan-ს უფლებას უტოვებს, რომ ბიზნესი 6 წლის განმავლობაში გამოისყიდოს.
Nissan-მა და Toyota-მ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხნებში მუშაობა მარტში შეაჩერეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ორივემ დაასკვნა, რომ უახლოეს მომავალში წარმოების განახლება შესაძლებელი არ იქნება.
Renault-მა NAMI-ს 2,2 მილიარდ ევროდ ($2,1 მილიარდი) შეფასებული რუსული ბიზნესი სიმბოლურ თანხად მიჰყიდა.
რუსეთიდან გასვლას განიხილავს Mitsubishi Motors-იც. კომპანიამ კალუგაში მდებარე ქარხანაში წარმოება აპრილში შეწყვიტა.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ Mazda Motor რუსეთში მანქანების წარმოების სამუდამოდ შეწყვეტას განიხილავს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კრეიგ ტრუდელი და მასუმი სუგა