ავღანეთი, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანი ხელმძღვანელობს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობს იმისათვის, რომ ზამთრის დადგომამდე აუცილებელი საქონელი: საწვავი და ხორბალი მოიმარაგოს.
"რუსეთთან გრძელვადიანი და თანმიმდევრული სავაჭრო კავშირების შესანარჩუნებლად ვმუშაობთ", - ამბობს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი ნურულა აზიზი.
დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს და ქვეყნებს საქონელზე ფასდაკლებას სთავაზობს. ავღანეთისთვის შეთავაზება მარცვლეულისა და საწვავის შეღავათიან ფასად მიყიდვას გულისხმობს.
მოსკოვსა და ქაბულს შორის კავშირები გასულ წელს, ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ გააქტიურდა. რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც ქაბულში დიპლომატიურ მისიას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, თალიბანის მთავრობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
აზიზის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია სიღარიბის დაძლევა, რის მიღწევასაც თალიბანის მთავრობა ვაჭრობის გაფართოებით ცდილობს.
გაეროს განცხადებით, ქვეყანაში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე დგას.
საერთაშორისო ფონდები და გაეროს სააგენტოები მუშაობენ ავღანეთში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ის გლობალურ საბანკო სისტემას მოსწყდა და დარჩა საერთაშორისო დახმარების გარეშე, რაც ქვეყნის მშპ-ს 40%-ზე მეტს შეადგენდა.
რუსეთთან ამჟამინდელი შეთანხმება არის ამ ტიპის უმსხვილესი გარიგება, რომელსაც თალიბანმა გასული წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია. შეთანხმება მოიცავს განუსაზღვრელი ვადით ყოველწლიურად ერთი მილიონი ტონა ბენზინის, ამავე მოცულობის დიზელის, ნახევარი მილიონი ტონა თხევადი გაზის და ორი მილიონი ტონა ხორბლის მიღებას.
აზიზი ვარაუდობს, რომ ფასდაკლებული იმპორტის მეშვეობით ქვეყანა ხარჯებს 20%-ზე მეტით შეამცირებს. აზიზი ელის, რომ ექსპორტის 50%-ით ზრდის ხარჯზე, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ამჟამად $4 მილიარდს შეადგენს, მიმდინარე ფისკალურ წელს $3,5 მილიარდამდე შემცირდება.
მხოლოდ პირველ ექვს თვეში ავღანეთმა ექსპორტზე $800 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა. გასულ ფისკალურ წელს ეს მაჩვენებელი $1 მილიარდს შეადგენდა. ექსპორტზე გატანილი პროდუქტის ძირითად ნაწილს ჩირი, თხილი და ზაფრანა შეადგენდა.
გასულ წელთან შედარებით, ავღანეთში იმპორტის მოცულობა $5 მილიარდიდან $2 მილიარდამდე შემცირდა. იმპორტის ძირითადი ნაწილი საკვებსა და საწვავზე მოდის.
გასული წლის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ირანი, მას მოსდევს ინდოეთი და პაკისტანი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა