
OPEC+ ჯგუფის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ გლობალური ეკონომიკისთვის "უსარგებლო და არაგონივრულია", - ამბობს აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი.
"ძალიან ვღელავთ განვითარებადი ქვეყნებისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების გამო", - განუცხადა იელენმა გაზეთ Financial Times-ს.
ამასთან, მან მოკავშირეები უკრაინის ნელი ტემპით დახმარებისთვის გააკრიტიკა.
"უკრაინაში ფულის გადარიცხვის ტემპი ძალიან ნელია", - დასძინა იელენმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის დახმარების პირობა ამ დრომდე ვერ შეასრულა.
OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. გადაწყვეტილებამ ენერგორესურსის ღირებულებაზე მყისიერად იმოქმედა და ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $98-ს გადააჭარბა.
OPEC+ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრებს და მათ მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს.
ჯგუფის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ში, სადაც ენერგიის გამო, ისედაც გაზრდილმა სამომხმარებლო ფასებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია.