
44 ქვეყნის ლიდერი, რომელთა შორის არიან მეგობრები, ერთმანეთზე განაწყენებულები ან ყოფილი მტრები ამ კვირაში პრაღაში ე.წ. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) საინაუგურაციო შეხვედრაზე შეიკრიბებიან.
რა ტიპის ინსტიტუციად იქცევა EPC ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მისი შექმნით, ლიდერებს სურთ, ევროპელების უმრავლესობას შეახსენონ, რომ მათ უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე გეოგრაფიული მდებარეობაა - ეს არის იდეალები და საერთო ბედი.
ყოველ შემთხვევაში, ასეთია ხედვა. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა ევროპული სტრუქტურა იმისთვის, რომ დაეხმარონ ომით, სასაზღვრო დავებითა და ენერგეტიკის, მიგრაციისა და ეკონომიკის კრიზისით დამძიმებულ კონტინენტს.
"ამ შეფასებაში მაკრონი მართალია", - წერს Bloomberg-ის მოსაზრების ავტორი და აღნიშნავს, რომ ინსტიტუტების სია დამაბნეველი ხდება. ის იწყება ისეთი გაერთიანებებით, როგორიცაა ევროპის საბჭო (მას არ აქვს კავშირი ევროპულ საბჭოსთან), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (რომელიც მოიცავს არაევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, რუსეთს, კონტინენტზე ომის მთავარ მწარმოებელს) და სრულდება ევროკავშირით.
ეს ისტორიაში ყველაზე დიდი სამშვიდობო პროექტია, რომლის მეშვეობითაც, თეორიულად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ევროპულ შეერთებულ შტატებში უნდა ინტეგრირდეს.
მაკრონს არ სჭირდება იმის ახსნა, რომ არც ერთი დაჯგუფება არ არის იმდენად მოქნილი ან საკმარისად ძლიერი, რომ ევროპის უდიდესი პრობლემები გადაჭრას.
მაგალითად, ევროკავშირი იმდენად რთულია ინსტიტუციურად, რომ ძნელია დათვალო რამდენი პრეზიდენტი ჰყავს. პოლიტიკის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ის შეიძლება იყოს ზესახელმწიფო, მაგრამ მაგალითად, თავდაცვაში, არც თუ ისე ძლიერია.
ევროკავშირს არ შეუძლია დამრღვევი წევრების განდევნა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ნებისმიერ წევრს შეუძლია ვეტო დაადოს გადაწყვეტილებას. ასევე, ევროკავშირის ხელშეკრულებები ორაზროვანია - ისინი შეიცავს ურთიერთდაცვით პუნქტებს, რომელსაც არავინ ეყრდნობა, მაგალითად, რის გამოც, ევროკავშირის ექვსი ქვეყნის გარდა, ყველა ნატოშია.
ევროკავშირის კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ბლოკში არაა. თურქეთი ოფიციალურად გახდა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი 1999 წელს, მაგრამ მან დიდი ხნის წინ დაკარგა გაწევრიანების იმედი. ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა შიშობს, რომ ისინი ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან. მათი ხედვით, უარესი ისაა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომელთა მხარდაჭერაც ევროკავშირს სურს რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ, შეიძლება რიგში ბალკანეთზე წინ გადახტეს.
როგორც ჩანს, მაკრონი იმედოვნებს, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანება მომავალში უკეთესი იქნება. შესაძლოა, ის ამოქმედდეს, როგორც ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებით შემოიფარგლება, მომავალში კი იქცეს კლუბად, რომელშიც წევრებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ ან დატოვონ, მაგრამ ეს არ იქცევა დაბრკოლებად ან დივერსიად.
მას ასევე შეუძლია უზრუნველყოს კონტინენტური სივრცე ბრიტანელებისთვის, თურქებისთვის, შვეიცარიელებისთვის, ალბანელებისთვის, ქართველებისთვის და ყველა იმ ხალხისთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას. უკვე გადაწყვეტილია, რომ საზოგადოების შემდეგი შეკრება მოლდოვაში გაიმართება.
რაც უნდა კარგი იყოს მაკრონის განზრახვები, რა თქმა უნდა, ევროპა არ შეიცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ინსტიტუცია იქმნება. ამიტომ კონტინენტური სიმპოზიუმი შესაძლოა სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ საკითხის უფრო ფართო კუთხით შეხედვისას ჩანს, რომ მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ჰარმონიის შექმნაზე ოცნებას მაშინაც კი არ წყვეტენ, როცა ერთი ევროპელი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სხვებს ბირთვული ომით ემუქრება.
ამ კვირაში კიდევ ერთ ვესტფალიის ზავს ან ვენის კონგრესს არ უნდა ველოდოთ. ის ვერ მოაგვარებს კონტინენტის პრობლემებს, ვერ გააერთიანებს დაყოფილებს და ვერ დაამშვიდებს მეომრებს, მაგრამ ის იმსახურებს ყურადღებას და მხარდაჭერას. ისეთ სიტუაციაში, როგორიც ახლაა, მშვიდად შეკრება ბევრად უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ შეკრება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი