
უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეინარჩუნოს მომავალი თვის შემდეგაც, როდესაც მარცვლეულის ექსპორტზე დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურება.
„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის მიზნით მანდატი გახანგრძლივდება“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა მრჩეველმა, Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.
პოდოლიაკმა უარი თქვა დაზუსტებაზე, თუ როდის შეიძლება შედეგს ველოდოთ და მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. სამაგიეროდ, არსებობს ქვე-მოლაპარაკების ჯგუფები, რომლებიც მოიცავენ თურქეთსა და გაეროს.
გაეროს მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისში გახსნილი შავი ზღვის პორტებიდან, უკრაინამ თითქმის 6 მილიონი ტონა მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სანამ რუსული ძალები თებერვალში შეჭრის შემდეგ მის პორტებს დაბლოკავდნენ, ქვეყანას მარცვლეულის უმეტესი ნაწილი სწორედ საზღვაო მარშრუტით გადაჰქონდა.
პოდოლიაკის განცხადებით, კონტრშეტევაში მიღწეული წარმატებების ფონზე უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა რამდენიმე თვეში დასრულდეს, დასავლეთიდან იარაღის მიწოდების გაძლიერების შემთხვევაში კი შედეგები შესაძლოა გაცილებით ადრე ვიხილოთ.
რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში სწრაფი გამარჯვების მოპოვება. მეტიც, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ჯარები აგრძელებენ თავიანთ გასაოცრად ძლიერ კონტრშეტევას და ათავისუფლებენ ტერიტორიებს ფრონტის ხაზის გასწვრივ.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი განაგრძობს ქვეყნის არმიის გაძლიერებას, შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად არის მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ. Tesla-ს თანადამფუძნებელმა, ილონ მასკმა, ტვიტერზე გამოქვეყნებული სამშვიდობო წინადადებით დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომლის თანახმადაც უკრაინამ უნდა ეძიოს გამოსავალი მოლაპარაკებებით და ყირიმი სამუდამოდ უნდა დაუთმოს რუსეთს.
პოდოლიაკმა გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მანამ, სანამ უკრაინა მტერს მძიმე მარცხს არ აგემებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი არ აგებს პასუხს ომის დანაშაულებზე და არც ზარალს აანაზღაურებს.
პოდოლიაკის თქმით, ჯერჯერობით, უკრაინამ ომში დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი დაკარგა და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა, თუმცა მას კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.
მიუხედავად იმისა, რომ პოდოლიაკი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს გაზვიადებულს უწოდებს, მან უცხოელ პარტნიორებს კრემლზე ზეწოლის გაძლიერებისაკენ და ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ასეთი კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „სისტემურად აგებს“ ომს უკრაინაში.
შეგახსენებთ, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს მოაწერეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექსანდრ კუდრიცკი და დარინა კრასნოლუცკა