LIVE

გეოპოლიტიკური მიზეზით ტრასტის მიერ შეჩერებული თანხა ივანიშვილს კიდევ არ ჩარიცხვია - MKD

05 ოქტ 202210:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
გეოპოლიტიკური მიზეზით ტრასტის მიერ შეჩერებული თანხა ივანიშვილს კიდევ არ ჩარიცხვია - MKD

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დაცვის მხარე Credit Suisse Group-ის სატრასტო ფირმის წინააღმდეგ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავაში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელის.

იურიდიული კომპანია MKD სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

“პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას - ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება”, - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომპანია დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის, MKD-ის განცხადებით, ბანკის ტრასტები ივანიშვილს 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც დანაშაულებს გადაურჩა. ამ საკითხზე მოსამართლის კითხვის შემდეგ, ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადაერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადარიცხული. 

„ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხაზგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამედ გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის“, - აღნიშნავს კომპანია.

განცხადების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის ახალმა უფროსმა ივანიშვილს მორიგება შესთავაზა და ამ მიზნით, საქართველოში ჩამოსვლის და ივანიშვილთან გასაუბრების სურვილიც გამოთქვა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკმა, პირველ რიგში, მარტიდან დაკავებული ის თანხები უნდა ჩაურიცხოს, რაც არ არის სადავო და ის მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნება. MKD აღნიშნავს, რომ იურიდიული სამსახურის უფროსმა მოგვიანებით, თავისივე ინიციირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა.

„ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება. უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმე-დღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპ მენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იურიდიული კომპანიის შეფასებით, როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება.

განცხადების თანახმად, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. ამით იურიდიული კომპანია მიანიშნებს, რომ დანაშაულზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ერთ ბანკირს, არამედ თავად ინსტიტუციას ეკისრება.  

MKD განცხადებაში კვლავ მიუთითებს, რომ შვეიცარიული მედია ივანიშვილის პოზიციით ისევ არ ინტერესდება.

„სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სინგაპურში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ ივანიშვილის დავა ერთი თვის წინ დაიწყო. პროცესზე CS Trust-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულებით, ტრასტს მხოლოდ ნდობის სტრუქტურის ადმინისტრირება უნდა მოეხდინა და არა გამავალი თანხების მონიტორინგი. მათივე თქმით, ივანიშვილი და მის მრჩეველი პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ მათი სახელით მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. 

სასამართლო პროცესზე სინგაპურის ყოფილ ტრასტის ხელმძღვანელმა მოსამართლის კითხვაზე, უნდა ჩარეულიყო თუ არა ლესკოდრონის არასანქცირებული გადახდების შესაჩერებლად 2006 წლიდან უპასუხა: "არა, ჩვენ ამას არ ვაკონტროლებდით."

მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ დაუკავშირდა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ხედავდა ლესკოდრონის მიერ ტრასტის გარეშე განხორციელებულ უნებართვო გადახდებს, რადგან მიიჩნევდა, რომ მილიარდერს მხოლოდ მისი ურთიერთობის მენეჯერის უშუალო დაკავშირება სურდა და დაამატა, რომ არაავტორიზებული გადახდები "არც ისე იშვიათია".

საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილი მომავალი წლის პირველ კვარტალში გახდება.