LIVE

Credit Suisse-სთან ივანიშვილის დავა გლობალური ინდუსტრიის ტესტია - Bloomberg

14 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
Credit Suisse-სთან ივანიშვილის დავა გლობალური ინდუსტრიის ტესტია - Bloomberg
Daro Sulakauri/Bloomberg

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი დავა Credit Suisse Group-ის სატრასტო ფირმის წინააღმდეგ, შესაძლოა, გახდეს ტესტი გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახების მილიარდობით აქტივებს მართავს. 

"ინდუსტრიის წარმომადგენლები, არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, თვალს ადევნებენ პროცესს, რათა ნახონ, რა განისაზღვრება ზრუნვის ან მოვალეობის სტანდარტად, რომელსაც ტრასტები ბენეფიციარებს დააკისრებენ", - ამბობს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ტან ჰან ვუ. 

შედეგად შეიძლება საერთაშორისო ბანკებმა გადახედონ სტრატეგიებს ტრასტებთან, რომლებიც მათ მილიარდერ მომხმარებლებს ემსახურებიან. 

Credit Suisse-მა სასამართლოს დავის დაწყების მეორე დღეს განაცხადა, რომ თავისი გლობალური ტრასტის ბიზნესის გაყიდვა სურს და აღნიშნა, რომ ეს თემა რეგულარულად განიხილებოდა. საკითხის შესახებ ბანკებს ბოლო წლებში განსხვავებული მიდგომა აქვთ. 

Credit Suisse-ის შემთხვევაში, სინგაპურის ტრასტის ერთეული შვეიცარიული ბანკის ქონების მართვის ბიზნესის ნაწილი მცირე ხნით - 2012 წლიდან 2013 წლამდე იყო. 

სინგაპურში ბანკის სატრასტო ბიზნესის ხელმძღვანელის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ტრასტის ფუნქციებში შედიოდა შიდა აუდიტი, ასევე სამართლებრივი საკითხები და შესაბამისობა მშობელ კომპანიასთან მიმართებით.  

საადვოკატო კომპანია Zhong Lun-ის იურისტის განმარტებით, კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას, როდესაც "სამეურვეო მომსახურება სუბსიდირებულია ბანკების ბიზნესის სხვა ნაწილების მიერ". ტრასტები დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ აქტივების მოზიდვას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ინვესტიციები ცუდად ან გაუაზრებლად სრულდება.

დავის ისტორია

ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის დავა 2004 წელს იწყება, როცა ივანიშვილმა თავისი ქონებიდან $1.1 მილიარდი Credit Suisse-ს მიანდო. იმავე წელს ბანკში მუშაობა დაიწყო პატრის ლესკოდრონმა, რომელიც რუსულად საუბრობდა, მაგრამ იმ დროისთვის არ ჰქონდა საბანკო გამოცდილება. ორი წლის განმავლობაში ის რეგიონის უმსხვილეს კლიენტებს, მათ შორის ივანიშვილს ემსახურებოდა. 

მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მან კლიენტების სახელზე დანაკარგები ნახა, პანიკაში ჩავარდა და დაიწყო სავაჭრო ორდერებზე ხელმოწერების გაყალბება დროის მოსაგებად. მისი მზაკვრობა არ გამომჟღავნდა მანამ, სანამ 2015 წელს მსხვილმა არასწორმა გათვლამ ივანიშვილის თანხებში $120 მილიონიანი სხვაობა არ გამოააშკარავა. 

ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ტრასტს, რომელიც ანგარიშებს აკონტროლებს, უნდა დაეცვა და გაეკონტროლებინა აქტივები. ის უნდა ჩარეულიყო საქმეში, განსაკუთრებით, 2006 წლის დასაწყისში, როდესაც ლესკოდრონის ქცევის შესახებ წითელი დროშები აღიმართა.

CS Trust-ის ადვოკატებმა უპასუხეს, რომ ხელშეკრულებით, ტრასტს მხოლოდ ნდობის სტრუქტურის ადმინისტრირება უნდა მოეხდინა და არა გამავალი თანხების მონიტორინგი. მათივე თქმით, ივანიშვილი და მის მრჩეველი გიორგი ბაჩიაშვილი, რომლებმაც ჩვენება გასულ კვირას მისცეს, პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ მათი სახელით მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. 

ფინანსური მარეგულირებლის მონაცემებით, სინგაპურში 64 ლიცენზირებული სატრასტო კომპანიაა.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რწმუნებულები არ არიან ვალდებულნი ჩაერიონ ტრასტის მფლობელობაში მყოფი კომპანიების გადაწყვეტილებებში, თუ ისინი გაიგებენ, რომ სერიოზული გადაცდომაა, უნდა იმოქმედონ.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასწორი ქმედებების ფაქტობრივი ცოდნის პირობებში, რწმუნებულები უნდა ჩაერიონ", - ამბობს იურისტი. 

ორშაბათს სასამართლო პროცესზე სინგაპურის ყოფილ ტრასტის ხელმძღვანელმა მოსამართლის კითხვაზე, უნდა ჩარეულიყო თუ არა ლესკოდრონის არასანქცირებული გადახდების შესაჩერებლად 2006 წლიდან უპასუხა: "არა, ჩვენ ამას არ ვაკონტროლებდით."

მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ დაუკავშირდა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ხედავდა ლესკოდრონის მიერ ტრასტის გარეშე განხორციელებულ უნებართვო გადახდებს, რადგან მიიჩნევდა, რომ მილიარდერს მხოლოდ მისი ურთიერთობის მენეჯერის უშუალო დაკავშირება სურდა და დაამატა, რომ არაავტორიზებული გადახდები "არც ისე იშვიათია".

ივანიშვილის სასამართლო დავას სინგაპურის უზენაესი სასამართლო განიხილავს. საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილი მომავალი წლის პირველ კვარტალში გახდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩანიაპორნი ჩანჯაროენი და ლოუ დე ვეი