LIVE

ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 10%-მდე გაიზარდა

30 სექ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 10%-მდე გაიზარდა

ევროზონაში ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. ევროსტატის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია 10%-მდე გაიზარდა. 

მიღწეულმა მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზსაც გადააჭარბა. Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვით, ევროზონაში 9.7%-იან ინფლაცია იყო ნავარაუდევი. 

სამომხმარებლო ფასების მაღალი მაჩვენებელი ამჯერადაც ენერგიასა და საკვებზე გაზრდილმა ფასმა განაპირობა. ე.წ. საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგიის ყველაზე ცვალებად კომპონენტებს, ასევე აღემატება ნავარაუდევ მონაცემებს და ყველა დროის მაქსიმუმს 4.8%-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ, ქვეყანა ევროს გამოყენებაზე გადავიდა. ამის საპირისპიროდ, საფრანგეთში ფასების ზრდა მოულოდნელად შენელდა.

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობას. ინფლაციის გასაკონტროლებლად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8 სექტემბერს 0.75%-მდე უკვე გაზარდა. 

"შემდეგი ნაბიჯი ასევე მასშტაბური უნდა იყოს, რადგან ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მაჩვენებლებისგან, რომლებიც შეესაბამება 2%-იან მიზნობრივ ინფლაციას. მე მხარს ვუჭერ 75 საბაზისო პუნქტიან ზრდას", -  თქვა ECB მმართველი საბჭოს წევრმა მარტინს კაზაკმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრეიგ სტერლინგი