საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში ნივთის შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქცია 6 თვეში უკან დააბრუნოს, მტკიცების ტვირთი კი მაღაზიას ეკისრება.
აღნიშნულ ცვლილებას "მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ" კანონი ითვალისწინებს.
"თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება",- აღნიშნულია "მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ" კანონის მე-20 მუხლში.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება.
ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესის აზრი ორადაა გაყოფილი. კერძო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი დროულია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის შესაძლოა, ეს დიდ ტვირთად იქცეს და კანონის აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას.
"ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ პრობლემებს, განსაკუთრებით აღსრულების ნაწილში, იმიტომ რომ საკითხი ეხება სამომხმარებლო პროდუქტს ნებისმიერ ნივთს, რომელზეც დავის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს, აღნიშნული ნაკლი წარმოშობილი იყო თუ არა უშუალოდ შეძენის დროს, ეს პრაქტიკაში ძალიან რთული სამტკიცებელი იქნება და სპეციალისტების, ექსპერტების ჩართვა იქნება საჭირო",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ნიკოლოზ აბუთიძე, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, "მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ" კანონი 1 ივნისს ამოქმედდა, აღსრულება კი 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება.