LIVE

თუ ₾ გამყარებას განაგრძობს, სესხის უცხოურ ვალუტაში აღების მეტი სტიმული გაჩნდება - კეშელავა

26 სექ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 916

შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა ამბობს, რომ საქართველოში დოლარიზაციის მატების რისკი მაღალია.

მისი განმარტებით, გლობალური ტენდენციების ფონზე, მსესხებლებს მეტი სტიმული უჩნდებათ, სესხი უცხოურ ვალუტაში აიღონ და ამ გზით სავალუტო ტვირთი შეამცირონ. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში კი, მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ სებ-ს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს. 

როგორც კეშელავამ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, დოლარიზაციის ზრდის მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს.

"პირველი, ესაა საპროცენტო განაკვეთების ცვლილება და ამ ნაწილში ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროკავშირშიც და აშშ-შიც ზრდა ფიქსირდება. მაშინ როცა ჩვენ იმავე დონეზე ვტოვებთ საპროცენტო განაკვეთებს. მეორე ფაქტორია გაცვლითი კურსის ცვლილება - თუ ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარებას განაგრძობს, ადამიანებს მეტი სტიმული ექნებათ, რომ უცხოურ ვალუტაში აიღონ სესხი. ხოლო თუ მოცემულობა ამგვარად ფორმირდება, სავარაუდოდ ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასარიდებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, მათ შორის სარეზერვო მოთხოვნების ცვლილების, ან თუნდაც დაკრედიტების ვადების ცვლილების მიმართულებით, რასაც მანამდეც აკეთებდა. მაგრამ მაინც, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ზემოთ ნახსენები ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რომელი გადაწონის, როგორი იქნება მათი გავლენა მოლოდინებზე, რთული სათქმელია",- ამბობს დავით კეშელავა. 

შეგახსენებთ, ამერიკის ცენტრალური ბანკის (FED) მიერ რეფინანსირების განაკვეთის მორიგი ზრდის შემდეგ, თითქმის ყველა საერთაშორისო ვალუტასთან მიმართებით დოლარის ისტორიული გამყარება გრძელდება. მეტიც, საერთაშორისო ანგარიშსწორებაში დოლარის წილი ზედიზედ მესამე თვეა იზრდება და მზარდია ევროკავშირის ქვეყნებშიც. პარალელურად, მიუხედავად ევროპის ცენტრალური ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისა, ევრო დოლართან მიმართებით უფასურდება. Bloomberg-ის პლატფორმაზე ამ დროისთვის 1 ევროს ღირებულება 0.97 ცენტია.  

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.88% შეადგინა.