LIVE

ივლისში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები შემცირდა - ეროვნული ბანკი

25 აგვ 202214:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
ივლისში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები შემცირდა - ეროვნული ბანკი

2022 წლის ივლისში, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით 1.56 მლრდ ლარით (3.58%-ით) შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 42.09 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემცირებითაა გამოწვეული. გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 254.78 მლნ ლარით (1.14%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.82 მლრდ ლარით (8.56%-ით) შემცირდა. 

სებ-ის თანახმად, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.83 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.12 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

ივლისის განმავლობაში 1.07%-ით, ანუ 242.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 22.34 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.88% შეადგინა. მონაცემები პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 2.51 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი აგვისტოსათვის 38.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 486.28 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 171.25 მლნ ლარით, ანუ 1.09%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი გაიზარდა 657.53 მლნ ლარით, ანუ 2.92%-ით.

პირველი აგვისტოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.09% შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.02 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სებ-ის თანახმად, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.04%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.69%, ხოლო ევროს წილმა 16.56% შეადგინა.