გერმანიასა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიღებაზე შეთანხმება გაფორმდა.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მუჰამად ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანმა ხელი მოაწერა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეთანხმებას, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და ინდუსტრიის ზრდას ითვალისწინებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბუ-დაბის ეროვნული ნავთობკომპანია (ADNOC) თხევად ბუნებრივ აირს გერმანულ კომპანია RWE-ს მიაწვდის.
137,000 კუბურ მეტრ LNG-ს ADNOC მიმდინარე წლის ბოლოს მიაწვდის და ის ქალაქ ბრუნსბიუტელში მცურავი LNG ტერმინალის საცდელ ოპერაციაში გამოიყენება. გერმანია რამდენიმე მცურავ ტერმინალს აშენებს და მათი ნაწილი მზად, სავარაუდოდ, ზამთარში იქნება.
ADNOC-მა გერმანულ მხარესთან, მომავალ წელს მეტი რესურსის მიწოდების პირობით, ასევე გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ADNOC ასევე შეთანხმდა Wilhelm Hoyer GmbH & Co. KG-სთან, რომ 2023 წელს თვეში 250 000 ტონა დიზელს მიაწვდის. ენერგეტიკულმა კომპანიამ გერმანიაში დიზელის პირდაპირი მიწოდება მიმდინარე თვეში დაიწყო.
დამატებითი მარაგების უზრუნველყოფას გერმანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მას შემდეგ, რაც კრემლმა ძირითადი მილსადენი, Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდება შეაჩერა. ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ღელავენ მიწოდების შეზღუდვისა და ეკონომიკისთვის შექმნილი საფრთხის გამო.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შემდეგ, შოლცი ყატარში გაემგზავრა. გერმანია და ყატარი რამდენიმე თვეა განიხილავენ LNG-ის მიწოდების საკითხს. გერმანია თავს არიდებს LNG-ის რეკორდულ ფასად შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას.
შოლცმა ყატარში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ენერგორესურსის მიწოდების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე საუბარი არ არის.
ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანულ RWE-სთან და Uniper-სთან თხევადი ბუნებრივი აირის გრძელვადიანი კონტრაქტების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამას გარდა, აბუ-დაბიში მდებარე კომპანია Masdar ისარგებლებს ჩრდილოეთ ევროპასა და გერმანიის ფარგლებში შემავალი ბალტიის ზღვის ზონაში არსებული შესაძლებლობებით, რათა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გამომუშავება 10 გიგავატამდე გაზარდოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბირგიტ ჯენენი და ომარ თამო