LIVE

რუსული ალმასების გასაიდუმლოებული ვაჭრობა და ორად გაყოფილი ბრილიანტების სამყარო

17 სექ 202213:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
რუსული ალმასების გასაიდუმლოებული ვაჭრობა და ორად გაყოფილი ბრილიანტების სამყარო
Stephanie Keith/Bloomberg
ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ალმასების გასაიდუმლოებული რეალიზაცია კალაპოტიდან აგდებს ბრილიანტებით ვაჭრობის გლობალურ ჯაჭვს მუმბაიდან ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიებამდე.
 
ინდუსტრიის წარმომადგენლების უმეტესობა უარყოფს კავშირს რუსულ ბრილიანტებთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც ძვირფასი ქვების მომპოვებელი რუსული გიგანტის, Alrosa-ს სანქცირება გამოიწვია აშშ-ში. თუმცა, კვლავ რჩებიან ინდოელი და ბელგიელი შემსყიდველები, რომლებიც დიდი ოდენობით ბრილიანტს შეისყიდიან უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ომამდე. გარიგებები გასაიდუმლოებულია, თანაც იმდენად, რომ ისედაც საიდუმლოებით გამორჩეულ ბრილიანტების სამყაროსაც კი აკვირვებს. 
 
იმ ფონზე, როცა მძიმეწონიან ბრენდებს, როგორიცაა Tiffany & Co. ან Signet Jewelers, ომის დაწყების შემდეგ საკუთარ წარმოებაში რუსული ბრილიანტების გამოყენება აღარ სურთ, მიმწოდებლებს თავსატკივარი გაუჩნდათ - მათ მსხვილ კონტრაქტებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს Alrosa-სთან საქმის დაჭერის გამო.
 
საქმე იმაშია, რომ რომ როცა მოპოვებული ალმასები მიწოდების ჯაჭვში ხვდება, მათი გაკონტროლება თითქმის შეუძლებელი ხდება, რადგან დაუმუშავებელი ქვა მუშავდება, შემდეგ კი ნაწილებად იშლება და 15 კატეგორიაში იყიდება ზომისა და ხარისხის მიხედვით. ვიდრე ძვირფასი ქვა საბოლოოდ სამკაულს დაამშვენებს, ხშირია გადაყიდვის და აღრევის შემთხვევები.
 
მართალია, დასავლელი მოვაჭრეები ცდილობენ თავი აარიდონ რუსულ ალმასებს, მაგრამ ამავდროულად, საკმარისი რაოდენობის ბრილიანტის მომარაგებაც სჭირდებათ, განსაკუთრებით კი მცირე ზომის და შედარებით იაფი ვარიანტებიც -  რაც სწორედ Alrosa-ა სპეციალიზაციაა. ეს კომპანია დაუმუშავებელი ბრილიანტის მიწოდების დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს. Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ზოგიერთი მსხვილი ევროპული ბრენდი ცდილობს Alrosa მისი კონკურენტით, De Beers-ით ჩაანაცვლოს და თავად ეს კომპანიაც ძალ-ღონეს არ იშურებს ამისთვის.
 
ბრილიანტები სურათის ბაზრობაზე, გუჯარათი, ინდოეთი. Dhiraj Singh/Bloomberg
 
მთელ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ შუა რგოლი - ქსელი რომელიც ბრილიანტის დამუშავებაზე და გაყიდვაზე სპეციალიზებულ ბიზნესებს აერთიანებს. მათი  უმეტესობა ინდოეთშია ბაზირებული და სწორედ ისინი წარმოადგენენ დამაკავშირებელ რგოლს ალმასების მომპოვებლებსა და ძვირფასეულობის მაღაზიებს შორის. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, Alrosa დაახლოებით 50 ასეთ კომპანიაზე ყიდდა ალმასებს ყოველთვიურად. ომის დაწყების შემდეგ გაყიდვები გაიყინა, თუმცა ახლა თითქმის ნორმალურ დონეს დაუბრუნდა და ეს პროცესი ძალიან გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ომამდე რუსული კომპანია 10 სავაჭრო სესიას აწყობდა წლიურად ბელგიის ანტვერპენის ოფისიდან, შემდეგ კი გაყიდვის შედეგებს აქვეყნებდა. ახლა Alrosa-მ გაყიდვების და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტა.
 
არიან ისეთი ინდური ე.წ. შუა რგოლის კომპანიები, რომლებიც კვლავ თავს არიდებენ რუსული ალმასების შესყიდვას იმ რისკის გამო, რომ შესაძლოა დასავლელი პარტნიორები დაკარგონ, რამდენადაც აშშ წამყვანი ბაზარია და დამუშავებული ბრილიანტების 50% სწორედ ამ ბაზარზე მიდის.  თუმცა მეორე მხრივ, ბრილიანტები შესაძლოა ფუფუნების საგანი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ყიდულობს, მაგრამ თავად ბიზნესი ეკონომიკური შემოსავლის წყაროა ძირითადი გადამამუშავებელი ჰაბებისთვის. ასე მაგალითად, ბრილიანტებით ვაჭრობა დაახლოებით მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის ინდოეთში, სადაც მთავრობა ცდილობს ეს ბიზნესი შენარჩუნდეს. ბელგიის პრემიერ მინისტრმაც დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია რუსული ალმასების სანქცირების არასასურველობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ძვირფასი ქვების დაახლ 80% სწორედ ანტვერპენის საპორტო ქალაქის გავლით იყიდება.
 
ამ დროისთვის, რუსული ქვების უმეტესი ნაწილი დაახლოებით 10 შემსყიდველის ხელში გადის. ინდური კომპანიები Kiran Gems და Shree Ramkrishna Exports Pvt ორი უმსხვილესი შემსყიდველია. გასაიდუმლოებული ვაჭრობის დეტალებზე კი ყველა დუმს. Kiran-იც, SRK-ც,  თავად Alrosa-ც და მისი კონკურენტი De Beers-იც.
 
მას შემდეგ, რაც რუსული ალმასები დამუშავებას გადის, ისინი სავარაუდოდ, ძირითადად იმ სამკაულებზე ხვდება რომლებიც ჩინეთში, იაპონიაში და ინდოეთში იყიდება. ამ სამ ქვეყანაზე მოდის გლობალური მოთხოვნის 30%-ს და დასავლელი რითეილერებისგან განსხვავებით, აქაურ სავაჭრო ქსელებს რუსული ბრილიანტის გამოყენებაზე პრობლემა არ აქვთ. 
 
თუმცა, ბრილიანტებით ვაჭრობის ბუნდოვანი ბუნებიდან გამომდინარე, გრძელი და ჩახლართული მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით - არ არის გამორიცხული, რომ რუსული ძვირფასი ქვები ასევე კვლავ ხვდება დასავლურ ბაზრებზე. 
 
საქმე იმაშია, რომ ბრილიანტის წარმომავლობა მიწოდების ჯაჭვის დასაწყისში გასაგებია, როცა ძვირფასი ქვა შესაბამისი სერტიფიკატით გამოდის ბაზარზე. თუმცა შემდეგ მოვლენები სულ უფრო გაურკვევლად ვითარდება. შემდგომი დამუშავებისას ალმასების ნაწილები ხშირად ერთმანეთში ირევა, ორიგინალური სერტიფიკატი “შერეული წარმომავლობის” ნიშნით ნაცვლდება დოკუმენტაციაში და საბოლოოდ, თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ სად იყიდება რუსული ბრილიანტები. 
 
აშშ სანქციების შემდეგ, დასავლურმა ბანკებმა Alrosa-სგან შესყიდვების დაფინანსება შეწყვიტეს, რამაც მეტი მოქნილობა მისცა ინდურ ბანკებს ტრანზაქციები საკუთარი პირობებით წარმართონ არა დოლარში, არამედ მაგალითად ევროში ან რუპიაში. თუმცა ზოგიერთი ინდური ბანკი სიფრთხილეს მაინც იჩენს. მაგალითად, IndusInd Bank-მა, რომელიც ბრილიანტების ინდოელი შემსყიდველების უმსხვილესი დამფინანსებელია, კლიენტებს მოსთხოვა წინასწარი თანხმობა, რომ თავად აიღებენ პასუხისმგებლობას თუ ტრანზაქცია გაიყინება. 
 
მეორე მხრივ, სანქციებით შევიწროებული Alrosa უჩვეულოდ მოქნილი გახდა მათთან, ვინც კვლავ ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსულ კომპანიასთან. თუკი ომამდე კლიენტებს Alrosa-სგან ალმასების წინასწარ შეთანხმებული ასორტიმენტი უნდა მიეღოთ, ახლა კომპანია მათ საშუალებას აძლევს თავად შექმნან ინდივიდუალური პაკეტი, ანუ აარჩიონ ისეთი ბრილიანტი, რომელიც შედარებით იშვიათია ან ისეთი, რომელსაც მაღალი შემოსავლიანობა აქვს. შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, რუსული კომპანია ინდოეთში გაყიდვების ქსელის გაფართოებასაც განიხილავს.