ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სამარცხვინო ბანკირის მიერ საინვესტიციო პორტფელის ამონაწერებში დაშვებული შეცდომები აშკარად სცილდება "ადამიანურ შეცდომებს".
ბაჩიაშვილმა ჩვენება დღეს სინგაპურში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის $800-მილიონიანი სასამართლო დავის ფარგლებში მისცა.
ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ შეუსაბამობებზე, რის გამოც ივანიშვილი უპირისპირდება Credit Suisse Trust-ს (სინგაპური), რომელსაც ასობით მილიონის ინვესტიცია მიანდო.
"ნაწილი ადამიანური შეცდომა იყო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თარიღები შეცვლილია, რაც აშკარად არ იყო ადამიანური შეცდომა", - თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, მან შექმნა მონაცემთა ბაზა მილიარდერის ფულის თვალყურის მისადევნებლად, მაგრამ ის ეყრდნობოდა ლესკოდრონისგან მიღებულ მონაცემებს და იმ დროს არ ჰქონდა მიზეზი, რომ მონაცემების სანდოობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.
უფრო მეტიც, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ არც ის და არც ივანიშვილი რაიმე ფორმით არ უბიძგებდნენ ლესკოდრონს, გარკვეული ინვესტიციები განეხორციელებინა. მათ ეს ბანკის მრჩევლებს მიანდვეს.
CS Trust-ის ადვოკატმა პასუხისმგებლობის საკითხი წამოჭრა და აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილი დასახელდა ინვესტიციების მენეჯერად ერთ-ერთ ტრასტში, რომელიც ივანიშვილის ფულს ამუშავებდა.
"საინვესტიციო ბანკებში არის ასობით ვიცე-პრეზიდენტი, სხვადასხვა ტიპის მენეჯერები. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს," - თქვა ბაჩიაშვილმა.
სინგაპურის უზენაეს სასამართლოში ივანიშვილის ოჯახის დავა ორშაბათს დაიწყო. ბაჩიაშვილის ჩვენებამდე, დაიკითხა ივანიშვილი, რომელმაც, Bloomberg-ის თანახმად, თავიდან აიცილა CS Trust-ის ადვოკატის, ლი ენგ ბენის მცდელობა, დაემტკიცებინა, რომ ის გამოცდილი ინვესტორი იყო, ესმოდა რისკები და აქტიურად იყო ჩართული პორტფელის მართვაში.
მოსამართლეებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, არის თუ არა Credit Suisse ან მისი რომელიმე ერთეული პასუხისმგებელი ლესკოდრონის მოქმედებაზე.
ბანკი ამტკიცებს, რომ ფრანგი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი იყო "მარტოხელა მგელი", რომელიც თავის დანაშაულს კოლეგებსა და ზედამხედველებს უმალავდა. ივანიშვილი მუდმივად ეწინააღმდეგება ამ პოზიციას და ამტკიცებს, რომ გარკვეულ დონეზე, Credit Suisse-მა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
მილიარდერის განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების "მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. მისი გამოთვლით, დანაკარგი $1,27 მილიარდს აღწევს, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს.
ივანიშვილის თქმით, Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა.
"მე მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა.
სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰიუგო მილერი და ჩანიაპორნ ჩანჯაროენი