
ვლადიმერ პუტინმა Nord Stream-ის გათიშვაში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა და თქვა, რომ ევროპაში გაზის ნაკადის მიწოდება შეიძლება განახლდეს, როგორც კი რუსეთზე სანქციები შემსუბუქდება, რაც მას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს და მოემსახუროს ტურბინებს.
"მოგვცენ ტურბინები და ხვალვე ჩავრთავთ Nord Stream-ს, მაგრამ ისინი არაფერს გვაძლევენ",- თქვა რუსეთის ლიდერმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
რუსეთის პრეზიდენტი პირველად გამოეხმაურა Nord Stream-ის მეშვეობით გაზის მიწოდებას მას შემდეგ, რაც მთავარი გაზსადენი განუსაზღვრელი ვადით დაიხურა.
"ევროპამ შექმნა სანქციების ჩიხი", - თქვა პუტინმა.
გერმანიამ ზაფხულში განაცხადა, რომ სარემონტოდ გაგზავნილი ტურბინა რუსეთში დასაბრუნებლად მზად იყო, მაგრამ მოსკოვის განმარტებით, დაბრკოლებას მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ქმნის.
დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ პუტინი გაზის მიწოდებას იარაღად იყენებს. დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი "შანტაჟში" დაადანაშაულა.
პუტინის თქმით, "სისულელეა" იმის ვარაუდი, რომ მოსკოვი, სანქციების საპასუხოდ, ენერგიას იყენებს, როგორც იარაღს ევროპის წინააღმდეგ.
რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა ენერგოკომპანია Gazprom-მა Nord Stream-ის გავლით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეამცირა, რამაც ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია.
პუტინი ამბობს, რომ ევროპაში (ისტორიულად Gazprom-ის უდიდეს ბაზარზე) გაზის ექსპორტის შემცირება, მის ქვეყანას არ დააზარალებს.
მისი თქმით, Gazprom ჩინეთთან გაზის მიწოდების მესამე შეთანხმების ფარგლებში, ძირითად დეტალებზე, მათ შორის, ფასზე შეთანხმდა. Gazprom-ს აქვს ვალდებულება, რომ ჩინეთს Power of Siberia მილსადენით ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. აზიის ქვეყანა დამატებით 10 მილიარდ კუბურ მეტრს შორეული აღმოსავლეთის მარშრუტით მიიღებს. მესამე გარიგების ფარგლებში, შესაძლოა, მიწოდება წელიწადში კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდოს.
Gazprom-მა, Nord Stream-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 3 დღით შეუჩერა, თუმცა ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაზის მიწოდება არ აღდგებოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია