LIVE

ბულგარეთი წლის ბოლოსთვის შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად ემზადება

25 აგვ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 997
ბულგარეთი წლის ბოლოსთვის შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად ემზადება

ბულგარეთის დროებითი მთავრობა წლის ბოლოსთვის, ორ სხვა ბალკანურ ქვეყანასთან ერთად, შენგენის ზონაში სრული გაწევრიანებისთვის ემზადება.   

შესაძლოა, ხორვატია, რომელიც ევროკავშირის უახლესი წევრია, შენგენის ზონაში ოფიციალურად 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდეს. ბულგარეთი და რუმინეთი კი კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული კრიტიკის ფონზე გარეთ რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს ასრულებენ. 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კოსტადინ კოჯაბაშევის დღევანდელი განცხადებით, ორივე ქვეყანამ ერთობლივად მიიწვია ევროკავშირის ექსპერტები, რათა სექტემბერში მათი მზადყოფნა გადააფასონ. ამის საფუძველზე დეკემბერში ბლოკის ლიდერები გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ. 

"გამოდის, რომ გაწევრიანება არა იმდენად ტექნიკური, არამედ პოლიტიკური საკითხია, რომელსაც სრული კონსენსუსი სჭირდება. დროებითი კაბინეტის ამბიციაა სრულად გამოიყენოს შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყანა, თუ ეს შესაძლებელია, წლის ბოლოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს", - თქვა კოჯაბაშევმა და აღნიშნა, რომ ამჯერად ლიდერებისგან დადებით გადაწყვეტილებას ელის. 

ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი, რომელიც თანამდებობაზე კორუფციასთან ბრძოლის დაპირებით მოვიდა, მაგრამ ივნისში მის მთავრობას პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, ამბობდა, რომ ქვეყანა პროგრესს 2022 წლის შუა პერიოდისთვის მიაღწევდა. ბულგარეთში არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. პოლიტიკური არასტაბილურობა შესაძლოა, ქვეყნის ამბიციებისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ჩუკა ელის, რომ მისი ქვეყანა შენგენის ზონაში გაწევრიანებას, ათ წელზე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, წლის ბოლომდე შეძლებს.

წლების განმავლობაში ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და ნიდერლანდები, ბალკანეთის ქვეყნების წევრობას სკეპტიკურად უყურებდნენ. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, როცა გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა, შენგენის ზონის გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტების მიღმა დარჩა. 

შენგენის სივრცეში 26 ქვეყანაა გაერთიანებული.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სლავ ოკოვი