LIVE

RS-ის მეთოდურმა მითითებამ შესაძლოა, კომპანიების დაუსაბუთებელი დაჯარიმება გამოიწვიოს - Kreston Georgia

17 აგვ 202219:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 2322
RS-ის მეთოდურმა მითითებამ შესაძლოა, კომპანიების დაუსაბუთებელი დაჯარიმება გამოიწვიოს - Kreston Georgia

შემოსავლების სამსახურმა ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპით ოპერაციის გადაკვალიფიცირების მეთოდური მითითება დაამტკიცა.

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Kreston Georgia-ს განცხადებით, საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს ოპერაციის კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

„ამ ნორმის გამოყენებისას შემოსავლების სამსახურის მიერ ხდება ოპერაციის გადაკვალიფიცირება, რაც არაერთი კომპანიისთვის დიდი ოდენობით გადასახადებისა და ჯარიმა-საურავების თანხების დაკისრების საფუძველი გამხდარა“, - აღნიშნავენ Kreston Georgia-ში.

აუდიტორულ კომპანიაში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახურში დაბეგვრის მიზნებისთვის ოპერაციის გადაკვალიფიცირება ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული პროცედურების გარეშე ხორციელდებოდა, აღნიშნული მეთოდური მითითებით კი, ოპერაციის გადაკვალიფიცირების პროცესი 6 ეტაპებად ჩაიშალა.

„მეთოდური მითითების დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება გამოიყენება მხოლოდ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის და იგი არ ცვლის ამ ოპერაციის სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, შესაბამის უფლებათა რეგისტრაციის კუთხით. საეჭვო სამეურნეო ოპერაციების დასაბუთების მიზნით, აუდიტორი უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი ინტუიცია და ალღო, აგრეთვე, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის, დამატებით მოიძიოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ამასთან, საგადასახადო დავისას, სასამართლოს გადაწყვეტილების, აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების განსაზღვრულ შემთხვევაში ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს ამ მეთოდური მითითებით გათვალისწინებული საფეხურების გავლის გარეშე“, - აღნიშნავენ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში.

Kreston Georgia-ში აცხადებენ, რომ მეთოდურ მითითებაში მთელი რიგი საკითხებია, რამაც შესაძლოა გარკვეული ორაზროვნება წარმოშვას კომპანიების საგადასახადო შემოწმებისას და გამოიწვიოს მათი დაუსაბუთებელი დაჯარიმება ოპერაციის გადაკვალიფიცირების საფუძვლით.

„ოპერაციის გადაკვალიფიცირების შეფასების სისტემის არ არსებობამ შესაძლოა გარკვეული გაუგებრობა წარმოშვას და მოხდეს ნებისმიერი უმნიშვნელო ეჭვის საფუძველზე ოპერაციის გადაკვალიფიცირება და გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება. ამ მხრივ გარკვეულწილად პრობლემატურია ის, რომ ასეთი შეფასების სისტემის არ არსებობის პირობებში გარკვეულწილად რთულად განჭვრეტადი და რთულად შესაფასებელი ხდება წინასწარ ოპერაციის გადაკვალიფიცირების ან არ გადაკვალიფიცირების რეალური შესაძლებლობა. ჩნდება რისკი, რომ ერთი და იგივე ოპერაცია ერთი საგადასახადო შემმოწმებლის მხრიდან შესაძლოა, იქნეს გადაკვალიფიცირებული მაშინ, როდესაც მეორე შემმოწმებლის მიერ ანალოგიურ პირობებში ოპერაციის გადაკვალიფიცირება არ მოხდეს. იგივე პრობლემას შესაძლოა, წავაწყდეთ კერძო სექტორში დასაქმებული დაბეგვრის პრაქტიკოსების მხრიდან ოპერაციის გადაკვალიფიცირების რისკის შეფასების დროსაც, რის გამოც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია უფრო მეტად კონკრეტულად გაიწეროს რა დროს მოხდება ოპერაციის გადაკვალიფიცირება და რა დროს არა“, - აღნიშნავენ Kreston Georgia-ში.

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით, მეთოდური მითითება არ ცნობს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ორაზროვნების ან ხარვეზის ცნებას და არ აკონკრეტებს ასეთის არსებობისას აღნიშნული მეთოდური მითითების გამოყენების არ გამოყენების შესაძლებლობას, რაც გარკვეულ რისკს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციის გადაკვალიფიცირება მოხდეს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან სპეკულაციებს, არამედ მაშინაც, როდესაც გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა საგადასახადო კანონმდებლობის გარკვეული შეღავათით, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზის ან ორაზროვნების შემცველი იყო.

Kreston Georgia-ს განცხადებით, დამატებით კითხვებს აჩენს მეთოდურ მითითებაში მოყვანილი ცალკეული მაგალითები კომპანიაში გაუნაწილებელი მოგების არსებობისას სესხის აღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან კომპანიის გაუნაწილებელი მოგების არსებობა არ გულისხმობს იმას, რომ კომპანიას ეს მოგება თავისუფალი ფულადი სახსრების სახით ჰქონდა ხელმისაწვდომი, რის გამოც მხოლოდ მოგების ფაქტის არსებობა ვერ იქნება იმის განმსაზღვრელი იყო თუ არა სესხის აღების აუცილებლობა კონკრეტული საწარმოს შემთხვევაში.

„მეთოდურ მითითებაში არ არის დაზუსტებული რაზე დაყრდნობით მოხდა სესხის არამიზანშეწონილობის საკითხის შეფასება, მოგების არსებობის თუ სხვა მიზეზის გამო. ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ საჭიროა უფრო მეტი კონკრეტიკა სამომავლოდ გადამხდელთა შემოწმებისას არაერთგვაროვანი მიდგომების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავენ Kreston Georgia-ში.

ამასთან, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის შეფასებით, მეთოდური მითითება არ ითვალისწინებს თუნდაც მხოლოდ დიდი ოდენობით თანხების დარიცხვისას ოპერაციის გადაკვალიფიცირების ფაქტის ცალკე გასაჩივრების ან ცალკეულ სუბიექტებთან შეთანხმების პროცედურას (მაგალითად ბიზნეს ომბუდსმენისთვის), რაც, კომპანიის განმარტებით გარკვეულ ხარვეზზე მიანიშნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპერაციის გადაკვალიფიცირების შედეგად გადამხდელისთვის ასეულობით ათასობით ან მილიონობით გადასახადის ოდენობისა და ჯარიმა-საურავების დაკისრება ხდება.

„აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიებისთვის დიდი ოდენობით გადასახადის თანხების მოულოდნელად დაკისრება (მ.შ. წლის მიწურულს როდესაც იწურება ხანდაზმულობის ვადა) გადასახადის გადამხდელის მხრიდან სათანადო არგუმენტებისა და პოზიციის სათანადოდ გავლისა და შესწავლის გარეშე“, - აცხადებენ Kreston Georgia-ში.