LIVE
ვიდეო
14 ივნ, 2022 16:33
კერძო სექტორი შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გავლენის შეფასებას ითხოვს
838

კერძო სექტორი შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გავლენის შეფასებას ითხოვს. ბიზნესი აცხადებს, რომ სხვადასხვა რეგულაციამ, მათ შორის, სამუშაო დროის აღრიცხვამ, სტაჟირების რეგულირებამ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულებამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, გაიზარდა ბიუროკრატია და ხარჯები. 

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" აცხადებენ, რომ სტაჟიორის უფლებები ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებთანაა გათანაბრებული, რაც მათი თქმით, პრობლემას უქმნის როგორც სტაჟიორებს, ისე კომპანიებს. რაც შეეხება სამუშაო დროის აღრიცხვას, ბიზნესი ითხოვს, აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ ისეთ სამუშაო ადგილებზე იყოს ადაპტირებული, სადაც აღრიცხვა ელექტრონულადაა შესაძლებელი. ბიზნეს გაერთიანებამ საკითხი ინვესტორთა საბჭოს სხდომაზეც დააყენა.

"ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ყურადღებით მოისმინეს ეს საკითხები, მათ შორის, საბჭოს წევრი სხვა ბიზნეს გაერთიანებების მხრიდანაც იქნა მხარდაჭერილი და მივიღეთ დაპირება, რომ მთავრობა საკითხებს გადახედავს. ყოველ შემთხვევაში, შეტყობინება დადებითია, მზადყოფნა არის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს",- აცხადებს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტი, ნიკა ნანუაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის დახვეწაც ბიზნესს სურს, სამსახურიდან დასაქმებულების გათავისუფლების საკითხია. როგორც კერძო სექტორში აღნიშნავენ, დღევანდელი კანონმდებლობით, ბიზნესმა არ იცის რა შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება ან რეორგანიზაცია. "დამსაქმებელთა ასოციაცია" შესაბამის პაკეტს ამზადებს, სადაც ჩამოთვლილი იქნება, თუ რომელი ცვლილებები აზიანებს ბიზნეს სექტორს. გაერთიანებაში ამბობენ, რომ სამუშაო დროის აღრიცხვასთან ერთად, შრომისა და მომსახურების ხელშეკრულებების გამიჯვნაა საჭირო. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ