LIVE
ვიდეო
09 ივნ, 2022 13:55
დასაქმების სააგენტოს წელს არავინ დაუსაქმებია, თუმცა ბიუჯეტიდან ₾11 მლნ მიიღო
1151

დასაქმების სააგენტომ, რომელიც ბოლო ორ წელში ბიუჯეტიდან 16.3 მლნ ლარით დაფინანსდა, 2020-2021 წლებში მხოლოდ 2 380 ადამიანის დასაქმება შეძლო.

წელს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს სიპის მუშაობისთვის კიდევ 11 მლნ ლარი გამოყო, თუმცა უკვე 5 თვეა, რაც სააგენტოს არც ერთი პირი არ დაუსაქმებია.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტოს შტატით დასაქმებულთა ხელფასებში ყოველთვიურად 80 000 ლარზე მეტი იხარჯება. ამასთან, გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია სააგენტოსთან მიმართვიანობაც, 2020 წელს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს 35 000 დასაქმების მსურველმა მიმართა, 2021 წელს 9 000-მა, თუმცა წელს მსურველთა რიცხვი მხოლოდ 980-ს შეადგენდა. 

იმის გასარკვევად, თუ ვისთან თანამშრომლობს უწყება მოქალაქეების დასასაქმებლად, "ბიზნეს ფორმულა" ბიზნესის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასაქმების სააგენტოს მათთვის არასდროს მიუმართავთ. ერთადერთი, ვისთანაც ერთჯერადი თანამშრომლობა შედგა, რითეილ ასოციაცია იყო. 

„კოორდინაცია მოხდა წევრ კომპანიასა და დასაქმების სააგენტოს შორის ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვის, სექტორულად ჯერ-ჯერობით ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, თუმცა მიზნები, ამოცანები, შესაძლებლობები განმარტებული გვაქვს ორივე მხარეს და შესაბამისად, შევძლებთ ახლო მომავალში მასშტაბური ღონისძიების ერთობლივ დაგეგმვას", - აცხადებს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მირანდა მანჯგალაძე. 

ცნობისთვის, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19.4%-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2021 წელთან შედარებით, როდესაც უმუშევრობის დონე 20.6% იყო, თუმცა 2019-2020 წლებთან მიმართებით გაზრდილია. კერძოდ, 2019 წელს მოსახლეობის 17.6% იყო უმუშევარი, 2020 წელს კი - 18.5%.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ