ვიდეო
25 ნოე, 2021 16:10
წამებაში ბრალდებული გენერალი ინტერპოლის პრეზიდენტად აირჩიეს
121

არაბეთის გაერთიანებული საამიროების გენერალი აჰმედ ალ-რაისი, რომელიც წამებაშია ბრალდებული, ინტერპოლის პრეზიდენტად აირჩიეს. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა სტამბულში გაიმართა.

ალ-რაისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივრები ხუთ ქვეყანაშია წარმოებული, მათ შორის საფრანგეთში, სადაც ინტერპოლის შტაბ-ბინაა განთავსებული და თურქეთში, სადაც არჩევნები ჩატარდა.

ალ-რაისს უკავშირებენ პოლიტპატიმრების წამებას, მათ შორის, ემირატელი დისიდენტის, აჰმედ მანსურის და ბრიტანელი აკადემიკოსის, მაიკლ ჰეჯსის, რომელიც 2018 წელს ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით ჰეჯესი შეიწყალეს, მაგრამ მანსური პატიმრობაში რჩება.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ ალ-რაისი ინტერპოლს დევნილი დისიდენტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დასაკავებლად გამოიყენებს.

ალ-რაისის კანდიდატურას ევროპაში პროტესტი მოჰყვა. ფრანგმა დეპუტატებმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჩარევისთვის თხოვნით მიმართეს. გერმანელი დეპუტატები აცხადებენ, რომ მისი კანდიდატურა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

აბუ დაბის სამთავრობო გაზეთისთვის გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ალ-რაისიმ განაცხადა, რომ სურს ინტერპოლის “მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია” და ეყრდნობა “UAE-ს, როგორც ლიდერის როლს ტექნიკურად ორიენტირებულ პოლიციაში და ერთგვარ ხიდს საერთაშორისო საზოგადოებაში”.

ინტერპოლის პრეზიდენტი ზედამხედველის ფუნქციას ასრულებს და პასუხისმგებელია ზოგადი მიმართულების წარმართვაზე. პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ინტერპოლის გენერალურ ასამბლეებს და აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: THE ASSOCIATED PRESS (AYSE WIETING and SUZAN FRASER)

მეტის ჩვენება